მინა მკოიანმა გამოცემა Jnews-თან ისაუბრა, თუ რა უძღოდა წინ მისი მეუღლის დაკავებას. ქალის მტკიცებით, შალვა ლომსაძემ გასულ წელს, 2021 წლის 24 დეკემბერს გაიტაცა და მისი გაუპატიურება სცადა.
„დაბურულშუშებიანი შავი მანქანა მომყვებოდა, დიდხას ასიგნალებდნენ, ამიტომ გზა შევიცვალე, შემეშინდა. თეთრმა პიკაპმა გზა გადამიკეტა. იქიდან გამოვიდა მამაკაცი, რომელმაც მკითხა, ნამდვილად მინა ვიყავი თუ არა და ჩამსვა მანქანაში, სადაც პოლიციის უფროსი იყო. მე მას ვკითხე, რა უნდოდა, რაზეც მიპასუხა: „დაგპირდი, რომ ჩემი იქნებოდი და ეს დღე დადგა“. მან ჯერ ორივე ხელი დამიჭირა, შემდეგ ყელში მწვდა და ცდილობდა ჩემს გაუპატიურებას“, – ამბობს მინა მკოიანი.
მისივე თქმით, პოლიციის უფროსს წინააღმდეგობა გაუწია და დაარტყა, რაზეც ლომსაძემ დარტყმით უპასუხა.
„ამ დროს ჩანთა გამომგლიჯა, რომელშიც ფული და ძვირფასი ოქროს სამკაულები იდო. ფული და სამკაულები ამოიღო, ჩანთა კი მესროლა. სამი ბეჭედი, ჯვარი და ორი კულონი აიღო. მითხრა, რომ ვინანებდი. ასპინძასთან არ ვიყავით მისულები, როდესაც მანქანიდან ჩავიდა“, – ამბობს მინდა.
ქალის განცხადებით, იმ დროს, როდესაც პოლიციის უფროსი მასზე ძალადობდა, მანქანაში მძღოლიც იმყოფებოდა. მინა მკოიანის თქმით, შალვა ლომსაძემ ვიღაცას დაურეკა და უთხრა, ქალაქში ყველა სამეთვალყურეო კამერა გამოერთოთ.
როგორ მკოიანი ამბობს, ის ჩაიყვანეს ახალქალაქში, საიდანაც გაქცევა მოახერხა, 30-40 წუთი იმალებოდა, შემდეგ კი მაზლს დაურეკა და მომხდარის შესახებ უამბო. ქალს ახალციხეში ქმარმა ჩააკითხა და წაიყვანა.
Jnews-ის შეკითხვაზე, რატომ მაშინვე არ მიმართა პოლიციას, მინა მკოიანი პასუხობს: „ჩუმად ვიყავით. გვინდოდა მომხდარი დაგვევიწყებინა, თუმცა შიშში ვცხოვრობდით. იმ შემთხვევის შემდეგ, მწერდა და ჩემი ქმრის დაჭერით მემუქრებოდა. ჩვენ არ ვპასუხობდით. ბოლო სამი თვის განმავლობაში ის ჩემს ქმარს სხვადასხვა ადგილას ხვდებოდა, მანქანის მინას წევდა და აგინებდა. ამას ბევრი შეესწრო“.
როგორც Jnews-ი წერს, ბრალდებებთან დაკავშირებით კომენტარის მისაღებად ახალქალაქის პოლიციის უფროსს, შალვა ლომსაძეს დაუკავშირდნენ, რომელმაც ჟუნალისტს უთხრა, რომ ბევრი საქმე ჰქონდა და შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურთან გადაამისამართა. შსს-ში ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.
37 წლის არტურ მკოიანი გუშინ, 24 აგვისტოს, გამთენიისას დააკავეს, რასაც წინ მის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკა უძღოდა. მინა მკოიანის თქმით, სამართალდამცველები იარაღს ეძებდნენ.
მკოიანი ადმინისტრაციული წესით, პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო დააკავეს. სასამართლომ ის სამართალდამრღვევად ცნო და 11-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.
არტურ მკოიანის დაკავების შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონალურმა მდივნმა, გიორგი ბოტკოველმა ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, პოლიციელები მკოიანების ოჯახში იარაღის ჩადებას ცდილობდნენ, რათა „შემდგომ მისი დაკავება შესაბამისი მუხლით მომხდარიყო, მაგრამ ატეხილი ამბის შემდეგ, როდესაც პროცესში ტელევიზიები ჩაერთვნენ, ვეღარ გაბედეს ამის განხორციელება“. ბოტკოველის თქმით, არტურ მკოიანის და მისი ოჯახის მიმართ „პოლიტიკური დევნა“ 2021 წელს დაიწყო, როდესაც მკოიანი „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიის წევრი გახდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში ამ საკითხზე გუშინ კომენტარს არ აკეთებდნენ. უწყებამ განცხადება დღეს, 25 აგვისტოს გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ სამართალდამცველებმა არტურ მკოიანის სახლში საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩაატარეს. შსს-ს თანახმად, გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა 23 აგვისტოს, ახალქალაქში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე, „ოპელის“ მარკის ავტომობილის მძღოლის მიერ გადაადგილებისას, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი პისტოლეტიდან პირადი ავტომობილით მოძრავი პოლიციის თანამშრომლების მიმართულებით გასროლა. გამოძიების ფარგლებში, დადგინდა, რომ ავტომობილს მკოიანი მართავდა. სამინისტროში განაცხადეს, რომ მკოიანის ოჯახის მიმართ ტერორისა და პოლიტიკური დევნის შესახებ ბრალდება სიმართლეს არ შეესაბამება.