ჩხარტიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ადგილი აქვს „რამდენიმე კვირის წინ ელენე ხოშტარიას და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ ხელოვნურად აგორებული ცილისმწამებლური კამპანიის საერთაშორისო არენაზე გატანის“ მცდელობას.
„გამოქვეყნებული სია არის მტკნარ სიცრუეზე აგებული მორიგი ფეიკი, რომელსაც ქართველი ავტორები ჰყავს, იქნება ეს „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი, თუ რადიკალების მედია რუპორები, რომლებმაც, კონკრეტულად ჩემ წინააღმდეგ, საჯაროდ არაერთხელ გაავრცელეს ცრუ ინფორმაცია, სანქცირებული რუსული ნავთობის შემოტანის მიზნით, რუსულ კომპანია „როსნეფტთან“ ჩემს ღია და ოფიციალურ პარტნიორობაზე.
რეალობა კი ისაა, რომ არ არსებობს არანაირი ფაქტი, ან მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ჩემს კავშირს მათ მიერ დასახელებულ რუსულ კომპანია „როსნეფტთან“, ან „პეტროკასა“, თუ „გალფთან“ და „ფოთის პორტთან“.
ბრალდებების გამიზნულ ფალსიფიკაციაზე მეტყველებს ისიც, რომ ოფიციალურმა უწყებებმა კატეგორიულად უარყვეს მითითებული პირების მიერ დასახელებული სანქცირებული ტვირთების საქართველოში შემოტანის ფაქტი.
ჩემი დაფუძნებული კომპანიები, რომლებიც „სმარტ კაპიტალის ჰოლდინგის“ ქოლგის ქვეშ საქმიანობენ, არიან ღია და გამჭვირვალე ბიზნეს სტრუქტურები. ჩვენ გამიზნულად არ ვმონაწილეობთ სახელმწიფო ტენდერებში, ხოლო ჩვენს საქმიანობას, ყოველწლიურად, აუდიტს უკეთებს მსოფლიოს ოთხეულში შემავალი აუდიტორული კომპანია „დელოიტი“, რომელიც ჰოლდინგში შემავალ ყველა ფირმას ფარავს. მისი დასკვნა არის საჯარო და ყველა მსურველს შეუძლია ნახოს და დარწმუნდეს, რომ არანაირი კავშირი რუსულ კომპანიებთან ჩვენ არ გვაქვს.
ზემოაღნიშნულმა პირებმა ეს კარგად იციან, მაგრამ არც მალავენ ამდაგვარი დაუსაბუთებელი ბრალდებების მიზანს, რომ დასავლეთის ქვეყნებმა კონკრეტული ადამიანების წინააღმდეგ სანქცირების გადაწყვეტილებები მიიღონ და ამით ქვეყანაში გარკვეული დაძაბული პოლიტიკური დღის წესრიგი შექმნან. ამასვე ემსახურებოდა გუშინ გამოქვეყნებული სიაც, რათა რადიკალების ფეიკებს, საერთაშორისო ფიასკოს ფონზე, რამენაირი „საერთაშორისო“ ლეგიტიმაცია მაინც მისცემოდა.
სასაცილოა ეს ყველაფერი, რომ არ იყოს დაკავშირებული ისეთ სენსიტიურ სფეროსთან, როგორიცაა ბიზნესი.
მსგავსი შინაარსის ცრუ ინფორმაცია, ჩემთვის საფინანსო ინსტიტუტებთან, თუ საქმიან წრეებთან ურთიერთობაში შეიძლება, აღმოჩნდეს გარკვეული რეპუტაციული ზიანის მომტანი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ლონდონის ავტორიტეტული საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების მიერ უკვე მიმდინარეობს ჩემთვის და ჩემთან დაკავშირებული კომპანიებისთვის უსაფუძვლო ბრალდებებით მიყენებული ზარალის მასშტაბების შესწავლა, რომლის შემდეგაც იგეგმება სასამართლო პროცედურების დაწყება საერთაშორისო, მათ შორის, გაერთიანებული სამეფოს სასამართლო იურისდიქციაში.
გასაგები რომ იყოს, განვმარტავთ, რომ ჩემ მიმართ გავრცელებულმა ცრუ ბრალდებებმა, შეიძლება, საფრთხე შეუქმნას ჩემს პარტნიორ დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებს, რომელთა კომპანიების საქმიანი რეპუტაციის შელახვისა და მიყენებული ზიანის შესაძლო ფაქტი გაერთიანებული სამეფოს სასამართლოს იურისდიქციას განეკუთვნება.
შესაბამისად, ოპონენტებს სათანადო ფასის გადახდა მოუწევთ და შესაძლებელია, გაერთიანებული სამეფოს კანონმდებლობით სოლიდური კომპენსაციის გადახდა დაეკისროთ.
ანალოგიური რეაგირება გვექნება ნებისმიერ მცდელობებზე, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს იგი, ცრუ ინფორმაციის ტირაჟირებით საქმიანი რეპუტაცია შემილახონ მე და ჩემს კომპანიებს“, – ნათქვამია ვანო ჩხარტიშვილის განცხადებაში.
გუშინ, 5 სექტემბერს, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს და კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტოს მიერ მხარდაჭერილ პორტალზე „ომი და სანქციები“ ბიძინა ივანიშვილის და კიდევ 11 ქართველი ბიზნესმენის მონაცემები გაჩნდა. ამ 11 ადამიანს შორის არიან ბიძინა ივანიშვილის ძმა ალექსანდრე ივანიშვილი და ძმის ცოლი ქეთევან ხარაიძე, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი და ნდობით აღჭურვილი პირი უჩა მამაცაშვილი და მისი შვილი ტიტე მამაცაშვილი, ივანიშვილის ბიზნესპარტნიორები ირაკლი რუხაძე და ივანე (ვანო) ჩხარტიშვილი, 1998-2003 წლებში საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის ძმა, სულხან პაპაშვილი, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთობა, რაობა, იმედის“ (ერი) დამფუძნებელი ლევან ვასაძე და ბიზნესმენები გიორგი კაპანაძე და დავით ხიდაშელი.
ჩხარტიშვილისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნის დასაბუთებაში ვკითხულობთ:
„ივანე ჩხარტიშვილი - ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს პარტნიორი, შპს „Eurasian Invest“-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, „Smart Capital Management“-ის ბენეფიციარი მფლობელი.
ფოთის საზღვაო პორტი შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში ყველაზე დიდი პორტია. ფოთის პორტში ნავთობტერმინალები „Petrocas“-ს ეკუთვნის, რომლის 49% რუსული სახელმწიფო კომპანია „Rosneft“-ის („როსნეფტი“) საკუთრებაში იყო უკრაინში ომის დაწყებამდე.
„China International Group Corporation Limited“-ი ფლობს „Euro-Asian Management Group“-ის 50%-ს, ხოლო 50% შპს „Eurasian Invest“-ს ეკუთვნის. ივანე ჩხარტიშვილი „Eurasian Invest“-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია და მისი ბიზნეს პარტნიორი რატი გვამერია დირექტორია. „Eurasian Invest“-ის 50%-იანი წილის მფლობელი ბრიტანული კომპანია „Brightstone Finance Limited“-ია, რომელიც, პანდორას დოკუმენტების თანახმად, ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაა.
საქართველოს სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი თავდაპირველად „Eurasian Invest“-ის დირექტორი იყო. შესაბამისად, ბრიტანული კომპანიები ასოცირდება ივანე ჩხარტიშვილთან და ბიძინა ივანიშვილთან.
ფოთის პორტში „როსნეფტის“ ჩართულობის გარდა, ჩხარტიშვილს რუსეთის ენერგეტიკულ სექტორთან სხვა კავშირებიც აქვს. 2019 წლის მაისში რუსულმა ენერგოჰოლდინგმა „Inter RAO“-მ („ინტერ რაო“) და ლუქსემბურგში მდებარე, ივანე ჩხარტიშვილთან აფილირებულმა „Evg Holding“-მა, დააარსეს ახალი კომპანია „Inter RAO Georgia“, წილების 50.01% და 49.99%-ით. კომპანია რუსული ელექტროენერგიის იმპორტს ახორციელებს. 2020 წელს „Evg Holding“-ის 49.99%-იანი წილი გადავიდა მის მიერ დაფუძნებული ქართული კომპანიის „AVG Georgia“-ს საკუთრებაში. ამ კომპანიას „Smart Capital Management“-ი, ივანე ჩხარტიშვილი მართავს.
ამრიგად, ივანე ჩხარტიშვილს მჭიდრო კავშირები აქვს ბიძინა ივანიშვილთან (საქართველოს ე.წ. აფაფორმალურ მმართველთან), რომელიც ლობირებს რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანის, ვლადიმირ ევტუშენკოვის ინტერესებს რუსეთსა და საქართველოში რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში დაწესებული სანქციების გვერდის ავლის საკითხებში, რითიც ეხმარება რუსეთის რეჟიმს, რომელმაც მოამზადა და გაეროს ნორმატიული დოკუმენტების საწინააღმდეგოდ, ახორციელებს დაპყრობით ომს უკრაინის წინააღმდეგ, რომლის ფარგლებშიც ჩადენილია დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ და ხდება უკრაინელი ხალხის გენოციდი“.
პორტალზე გამოქვეყნებული ამ ტექსტის ბოლოს აღნიშნულია, რომ ინფორმაცია მოგროვებულია საჯაროდ თავისუფლად ხელმისაწვდომი ღია წყაროებიდან და წაიშლება, თუ სუბიექტი სანქციების კანდიდატების სიიდან/შესაბამისი იურისდიქციების სანქციების სიიდან გამოირიცხება.