weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

30 000 სტუმარი და 300-ზე მეტი მონაწილე - ყველაზე მასშტაბური ფესტივალი საქართველოში

11:05 ხუთშაბათი, 13 ოქტომბერი 2022

15 ოქტომბერს, გურჯაანში, ახტალის პარკში, ღვინის ფესტივალი უკვე მეოთხედ გაიმართება. ფესტივალის მიზანია ღვინის ტურიზმის  განვითარების ხელშეწყობა, ღვინის კულტურისა და ქართული ტრადიციების გაცნობა, როგორც უცხოელი, ისე ქართული საზოგადოებისთვის. წელს, ფესტივალი 30 000-ზე მეტ სტუმარს, მათ შორის, საერთაშორისო ტურისტს უმასპინძლებს.

გურჯაანის ღვინის ფესტივალი 300-ზე მეტი მეღვინის სხვადასხვა ტიპის, ფერისა და ასაკის ღვინოს, ჭაჭასა და სხვა სასმელებს გააერთიანებს, რომელსაც სპეციალურად ღვინის ფესტივალისთვის შექმნილი კულინარიული სივრცე, მოწვეული შეფები და ადგილზე შექმნილი ავთენტური კერძები დაამშვენებს. ფესტივალი იქნება თავშესაქცევი, მათრობელა და სასიამოვნო მუსიკით შთაგონებული, შემოდგომის ფერებით აჭრელებულ ულამაზეს რეკრეაციულ ზონაში, სადაც ნებისმიერი ასაკის ადამიანი შეძლებს საინტერესოდ გაატაროს დრო მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად.

ფესტივალზე, სტუმრებს საშუალება ექნებათ, ქართული მრავალხმიანი სიმღერის ფონზე, მონაწილეობა მიიღონ ღვინისა და ჭაჭის დეგუსტაციაში, ჩურჩხელის ამოვლებასა და ყურძნის დაწურვაში, სპორტულ შეჯიბრებებსა და სხვა გასართობ აქტივობებში. გურჯაანის ახტალის პარკში განლაგებული 10-ზე მეტი სივრცე სტუმრების სურვილებზე იქნება მორგებული. წარმოდგენილი იქნება სპეციალურად შექმნილი საშემოდგომო, ისტორიული და კულინარიული პავილიონები, ღვინის ბარი. ასევე, მოეწყობა ხილისა და ბოსტნეულის, კახური ტკბილეულისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. ფესტივალის პატარა სტუმრების განწყობაზე ანიმატორები იზრუნებენ, მათთვის ასევე წარმოდგენილი იქნება სპეციალური გასართობი პროგრამები, ილუზიონისტების და ანიმატორების შოუ, თოჯინების თეატრი, ბუშტების შოუ, თიხის საჩვენებელი ძერწვა, კარიკატურების შექმნა, ხელნაკეთი ნივთების მასტერკლასი, სახეზე ხატვა და სხვადასხვა საბავშვო თამაში. მუსიკალურ განწყობას შექმნიან: გიორგი ცაგარელი ორკესტრთან ერთად და მეგობრები (სალიო, სვანსიხი, ერეკლე დეისაძე), თამადა, ნოდარიკო ხუციშვილი და ბენდი, ქართული ხმები და ბენდი (პრემიერა), Groove Possession, გიგი ვანდერი, დათო ნოზაძე, ნათია პერანიძე, აჩიკო ნიჟარაძე და ნეკა სებისკვერაძე, ნათია ქოროღლიშვილი, ტატო გოდერძიშვილი, ლევან ყანდიაშვილი, ანსამბლი „ხარება“, ანსამბლი „მრავალჟამიერი“ და სხვა.

„გურჯაანის ღვინის ფესტივალი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც მეღვინეობის მიმართულებით რეგიონებში იმართება. გურჯაანის ღვინის ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფი ფაქტობრივად უკვე რამდენიმე თვეა, რაც მუშაობს იმისთვის, რომ სტუმრებისთვის ეს დღე განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი გახდეს. წლევანდელ ღვინის ფესტივალზე, რომელიც კიდევ უფრო მასშტაბური, განსხვავებული და სიახლეებით სავსე იქნება, ველოდებით სტუმრებს მთელი საქართველოდან. დაინტერესება მონაწილეთა მხრიდანაც დიდია და წელს ყველაზე მეტი მეღვინეა დარეგისტრირებული, რომელსაც შესაძლებლობა აქვს მონაწილეობა მიიღოს და საკუთარი ნაწარმი წარმოადგინოს და გააცნოს ფართო საზოგადოებას. წელს, ფესტივალში 300-ზე მეტი მცირე მეწარმე, ღვინის ქარხანა და მარანი იქნება წარმოდგენილი. ფესტივალი ეს არის ერთ-ერთი საინტერესო პლატფორმა, სადაც მოსულ სტუმარს შეუძლია გაეცნოს როგორც ცნობილ ღვინოებს, ასევე დააგემოვნოს დამწყები მეღვინეების პროდუქცია. ღვინის წარმოების ყველას თავისი ტრადიცია აქვს. მოსული სტუმარი დააგემოვნებს არამხოლოდ კახურ ღვინოს, არამედ აქ იქნება წარმოდგენილი ღვინო ცაგერიდან, რაჭიდან, ბაღდათიდან, შიდა ქართლიდან და ა.შ. წელს, გურჯაანის ღვინის ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფმა მიიღო გადაწყვეტილება, მეღვინეობის ქალაქში გამართული გურჯაანის ღვინის მე-4 ფესტივალი ფიროსმანს და ღვინით შთაგონებულ ყველა ადამიანს მიეძღვნას. მაქსიმალურად ვცდილობთ, ყველა ასაკის ადამიანისთვის შევქმნათ შესაბამისი საინტერესო, გასართობი და მუსიკალური გარემო, ამიტომ ვფიქრობთ, ღვინობისთვის მთავარი ღონისძიება, გასულ წლებთან შედარებით, სტუმრიანობის კუთხითაც ხალხმრავალი იქნება, ასე რომ, მოინიშნეთ 15 ოქტომბერი და ესტუმრეთ მეღვინეობის ქალაქს“, - ფესტივალის მნიშვნელობასა და მონაწილეთა დაინტერესებაზე საუბრობენ საორგანიზაციო ჯგუფის წარმომადგენლები.

გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2022, ქართული ღვინის დღეების ფარგლებში იმართება. ფესტივალის გენერალური სპონსორია m². ღონისძიების პარტნიორები არიან საქართველოს ბანკი, თელიანი ველი, საქპატენტი, გურჯაანის ნაყინი, ჟურნალი „ღვინის სამშობლო“, ჯეპრა, რადიო „კომერსანტი“.

მნიშვნელოვანია, რომ „გურჯაანის ღვინის ფესტივალი“ საქართველოში ღვინის საერთაშორისო კონკურსის International Wine & Spirit Competition (IWSC) ოფიციალური პარტნიორია, ღონისძიების მხარდამჭერები კი არიან: საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო, USAID, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს მთავრობა, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და გურჯანიის მუნიციალიტეტის მერია.

[R] გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]