რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, 23 სექტემბრიდან, პეკინის, კოსტავასა და შარტავას ქუჩებზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი ორმხრივად იმოძრავებს.
პეკინის გამზირის რეაბილიტაციის სამუშაოები 16 ივნისს დაიწყო. როგორც დღეს დავით ნარმანიამ განაცხადა, პეკინის გამზირის რეაბილიტაცია 2017 წლის ყველაზე მასშტაბური და ამბიციური პროექტია.
მისივე თქმით, პეკინის გამზირი ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. ქუჩაზე სრულად გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, გზის საფარის რეაბილიტაციის პარალელურად, განახლდა ამორტიზებული სანიაღვრე ქსელი, შეიცვალა წყალმიმღები ჭები, ცენტრალურ კოლექტორთან შემაერთებელი მილები და ჭის თავსახურები, განახლდა ორი მაგისტრალური მილსადენი და ცენტრალური კანალიზაციის კოლექტორი.