„გზააბნეული ტურისტების შესახებ ინფორმაცია გუშინ საღამოს მივიღეთ. ამ ხნის განმავლობაში ზუსტდებოდა მათი კოორდინატები და სამაშველო ოპერაცია იგეგმებოდა. ვერტმფრენი თრუსოს ხეობაში უახლოეს ხანში იქნება. ამ დროისთვის ტურისტებთან და მაშველებთან დაკავშირება ვერ ხერხდება. დაშავებული ტურისტის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს. ჩვენ გვითხრეს, რომ კარგად არიან, თუმცა საკვები უთავდებოდათ“, - განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.
ტურისტების ჯგუფის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია დღეს „ინტერპრესნიუსმა“ გაავრცელა. მათ ერთ-ერთი დაკარგული დაუკავშირდა და უთხრა, რომ მეორე დღეა ხეობიდან გამოსვლას ვერ ახერხებენ.
„ყელიწადის ტბაზე ვიყავით, გზა აგვერია და მოვხვდით ისეთ ადგილზე, ვეღარც წინ მივდივართ, ვეღარც უკან. დიდი ხევია. ერთი ადამიანი გვყავს ცუდად. სამაშველო სამსახურში გუშინვე დავრეკეთ, მაგრამ ამ დრომდე არავინ მოსულა. გვითხრეს, ვერაფრით დაგეხმარებით, თქვენ ახვედით და თქვენ თვითონ ჩამოდითო“, - ციტირებს ერთ-ერთ ტურისტს „ინტერპრესნიუსი“.