„რუსთავი 2“-თან სატელეფონო საუბარში ბაღის დირექტორმა მარინა გოგოლაძემ განაცხადა, რომ აღსაზრდელი „ინკლუზიური იყო და პირველი სართულიდან გადმოხტა“.
„რა თქმა უნდა, გადარჩა. ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ექიმს ვესაუბრებით და ყველაფერი კარგად არის. ყველა იქ ვიყავით, მაგრამ ინკლუზიური ბავშვები მოგეხსენებათ. მცდელობა ჰქონდა დღეს კი არა ყოველ დღე და დღეს დააგვირგვინა“, - აღნიშნა გოგოლაძემ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
მომხდარს გამოეხმაურა თბილისის მერი, რომელმაც ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს დაავალა, გამოძიების დასრულებამდე, შეუჩეროს უფლებამოსილება ბაგა-ბაღის დირექტორს და იმ აღმზრდელებს, რომლებიც ამ კონკრეტული შემთხვევისას სასწავლო პროცესზე ზედამხედველობას ახორციელებდნენ.
„მიუხედავად იმისა, რომ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ძალისხმევას არ იშურებს ქალაქის მასშტაბით არსებულ ბაღებში უსაფრთხო გარემოსა და სივრცის შესაქმნელად, მოხდა ძალიან სამწუხარო შემთხვევა, რაც ყოვლად გაუმართლებელია. თბილისის მერია გმობს მომხდარს და მიმართავს საგამოძიებო ორგანოებს, რაც შეიძლება სწრაფად გამოიძიონ აღნიშნული ფაქტი“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.