„გამოვლინდა ამ კონკრეტული ჯგუფის აღმზრდელის და აღმზრდელის თანაშემწის უყურადღებობა. გამომდინარე იქიდან, რომ აუცილებელია საბავშვო ბაღში იყოს მაღალი კონტროლი ბავშვების უსაფრთხოებაზე, სააგენტოს და კონკრეტულად ჩემი მხრიდან იქნა მიღებული გადაწყვეტილება და თანამდებობიდან გათავისუფლდა ბაღის დირექტორი. გარდა ამისა, დღესვე თანამდებობიდან გათავისუფლდებიან აღმზრდელი და აღმზრდელის თანაშემწე“, - აღნიშნა თემურ თორდინავამ.
ბაღის დირექტორი მარინა გოგოლაძე ამბობდა, რომ ბავშვი შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა და უყურადღებოდ არ იყო დატოვებული.
„ბავშვი არის ინკლუზიური. მე მქონდა მშობელთანაც საუბარი. დედას ვთხოვე მოსულიყო ჩემთან, რომ დამეკვალიანებინა სად წაეყვანა. ეს არ არის გასამართლებელი, მაგრამ იმის თქმა მინდა, რომ მასწავლებელს ხელში ჰყავდა ბავშვი და ყველამ ვიცოდით, რომ ბაღში ესეთი ბავშვი გვყავდა. უყურადღებოდ ბავშვი არ ყოფილა. ის მასწავლებლის გვერდით იყო. სამედიცინო დასკვნაში არ წერია, რომ ინკლუზიურია. ბავშვი ვერ მეტყველებს და საყურადღებოა“, - აცხადებდა მარინა გოგოლაძე.
მეორე სართულიდან გადმოვარდნილი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს თქმით, მას ქალა-ტვინის ტრავმა და გულმკერდის ბლაგვი ტრავმა აქვს. მისივე ინფორმაციით, პაციენტი ინტენსიურ მეთვალყურეობას საჭიროებს.
პოლიციამ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.