„შეტყობინების მიღებისთანავე, მაშველები ტურისტების დასახმარებლად სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით გაფრინდნენ. ღამით რთული მეტეოროლოგიური და კლიმატური პირობების გამო, ტურისტების უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა ვერ მოხერხდა. მაშველები, მთელი ღამე ტურისტებთან ერთად იმყოფებოდნენ და შეუძლოდ მყოფ პირს დახმარებას უწევდნენ. გამთენიისას, პოლონეთის ორივე მოქალაქე მწვერვალ თეთნულდიდან უსაფრთხო ადგილზე უვნებლად ჩამოიყვანეს“, - განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.
მათივე ცნობით, ტურისტების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
მწვერვალი თეთნულდი მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე მდებარეობს. მისი სიმაღლე 4 852 მეტრია და ზედა ნაწილში მუდმივი თოვლითაა დაფარული. წელს თეთნულდზე, ზღვის დონიდან დაახლოებით 3 000 მეტრზე პირველი თოვლი 7 სექტემბერს მოვიდა.