და–ძმა ნაზი და თამაზ საათაშვილები ბაზარში მუშაობდნენ, ძმა ურიკაზე, ნაზი ტუალეტში. მანამდე ისინი გორის რაიონის ერთ–ერთ სოფელში ცხოვრობდნენ, სადაც სახლი დაენგრათ და საცხოვრებლად გორში გადავიდნენ. როგორც უკიდურესად ღარიბებს, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მათ სახლი უქირავა, თუმცა მათთან ერთად ამავე სახლში ნაზის მეორე ძმაც შესახლდა თავის ექვს შვილთან ერთად. დაოჯახებულ ძმასთან კონფლიქტური სიტუაციების გამო ნაზიმ და მისმა ძმამ ბინა დატოვეს. ცხოვრება მათ ყოფილი ბაზრის ტუალეტში გააგრძელეს. მოგვიანებით კი, ასევე უსახლკაროდ დარჩენილი ცოლ–ქმარი შეიფარეს.
Qartli.ge–ს რეპორტაჟში ასახული იყო არაადამიანური პირობები, რომელში ცხოვრებაც ოთხ ადამიანს უხდებოდა. ტუალეტში ერთი საწოლი იდგა. საბნებს ღამით ძირს, ბეტონის იატაკზე შლიდნენ და ისე იძინებდნენ.
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის მიერ ამ თემაზე სიუჟეტის მომზადების შემდეგ, საათაშვილების პრობლემა სხვა მედიასაშუალებებმაც გააშუქეს.
მერიის ჩარევით, და–ძმა საათაშვილები ნაქირავებ ბინაში დაბრუნდნენ, მისი დაოჯახებული ძმა კი ცოლ–შვილთან ერთად სოფელში გადავიდა.
რაც შეეხება მეორე ოჯახს, ქმარი და 8 თვის ორსული ქალი დროებით ნათესავმა შეიფარა.