ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის კმ1-კმ29 და კმ51-კმ72 მონაკვეთებზე დაშვებულია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
„აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება შსს-ს შესაბამისი რეგიონალური ქვედანაყოფების უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით“, - აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.
4 ოქტომბერს, დილით, ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზაზე რამდენიმე ადგილას მცირე ზვავი ჩამოვიდა, რის გამოც ავტომობილები გადაადგილებას ვეღარ ახერხებდნენ. თორღვას აბანოს ზემოთ – უღელტეხილამდე, ბოთლის წყალთან, ზვავებს შორის ორი ადამიანი ჩარჩა, რომლებმაც ღამე ავტომობილში გაათიეს.
გაუწმენდავი გზის გამო გუშინ თუშეთიდან ბარში ავადმყოფის გადმოყვანაც ვერ მოხერხდა, რომელსაც ორი დღეა ფარული სისხლდენა აქვს. თუშეთის ექიმის ირაკლი ხვედაგურიძის განცხადებით, პაციენტს სტაციონარში მკურნალობა სჭირდება.
გზის გაწმენდა შპს „გერალმა“ დღეს დილით დაიწყო. უღელტეხილზე თოვლის საფარი 50 სანტიმეტრს აღწევს.