ვლადიმერ აფხაზავა ჩიბათის სკოლაში 2010 წლიდან ასწავლის. ის პროექტ "დემოკრატიული რევოლუციის" ავტორია, რომლის მიზანი მოსწავლეთა გააქტიურება, მათი იდეებისა და ინიციატივების რეალიზებაა. მის პროექტს „ეთნო რძლები“, რომელიც მულტიკულტურალიზმის და ტოლერანტობის განვითარებას ისახავდა მიზნად, საერთაშორისო ჯილდო გადაეცა.
ვლადიმერ აფხაზავას გარდა, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტები იყვნენ: ეკა წულუკიძე - მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; ნათია ფურცელაძე - თბილისის კერძო სკოლა "ქორალის" ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; ნინო აბულაძე - თბილისის N43 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი; თეა ნონიკაშვილი - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლის ბიოლოგია/ბუნებისმეტყველების მასწავლებელი.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო კოალიცია "განათლება ყველასათვის - საქართველოს", მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. ინიციატივა საქართველოში პირველად ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის - The Global Teacher Prize-ის ნაწილია.
2017 წლის 31 მაისს გამოცხადდა ჯილდოს კონკურსი, რომელშიც 114 მასწავლებელი ჩაერთო. მათგან ნახევარფინალისტების ათეული და ფინალისტების ხუთეული ჟიურიმ შეარჩია.
"მასწავლებლის ეროვნული ჯილდო" მიზნად ისახავს წარმატებული მასწავლებლების გამოვლენას, საზოგადოებისთვის მათ წარდგენას და ამ გზით პროფესიის პრესტიჟის ზრდას.