შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ მან თანამზრახველ, 1973 წელს დაბადებულ ა.ღ.-სთან ერთად, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობის მუქარით ხაშურში მცხოვრები, 1978 წელს დაბადებული დ.მ. დააყაჩაღა. ბრალდებულებმა დაზარალებულისგან 400 აშშ დოლარის ოდენობის თანხა წაიღეს.
"დაკავებისას გ.ზ.-მ პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია. იგი გაქცევას შეეცადა, რა დროსაც მან შსს-ს ხაშურის რაიონული პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილეს თავის არეში დაზიანება მიაყენა. ამ დროისთვის, პოლიციელი სამედიცინო შემოწმებას გადის. სამართალდამცველებმა, გ.ზ.-ს პირადი ჩხრეკისას დაუდგენელი წარმომავლობის ცეცხლსასროლი იარაღი და ნარკოტიკული საშუალების მსგავსი მცენარეული მასა ამოიღეს. რაც შეეხება ბრალდებულის სახის არეში არსებულ დაზიანებებს, ფაქტზე დაინიშნება ექსპერტიზა", - განაცხადეს შს სამინისტროში.
ამ ეტაპზე, მეორე ბრალდებული, 1973 წელს დაბადებული ა.ღ. მიმალვაში იმყოფება და მის დასაკავებლად ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.
საქმეზე გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვისა და მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით).