საქართველოს სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის განცხადებით, საქართველოში სამუშაო ადგილებზე დასაქმებულთა ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ქმედითი ღონისძიებები არ ტარდება.
სახალხო დამცველის მიერ საქართველოს მთავრობის „ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტითა და 2015-2020 წლის სამოქმედო გეგმით“ გათვალისწინებული ღონისძიებების მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ სათანადოდ არ სრულდება აქტივობები, რომლებიც მოიცავს ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელშეწყობის პროგრამების შემუშავებას სამუშაო ადგილებზე, ბაღებში, საჯარო სკოლებში. ასევე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, დამოკიდებულების შეცვლას და სტიგმის შემცირებას.
სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ სტრატეგიული დოკუმენტის შესრულებაზე პასუხისმგებელი უწყებების მხრიდან გატარებული ღონისძიებები არ არის საკმარისი მისი ეფექტური იმპლემენტაციისთვის. შესაბამისად, გამოწვევად რჩება დარგში არსებული რიგი საკითხები.
სახალხო დამცველი მოუწოდებს შესაბამის უწყებებს უზრუნველყონ ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების 2015–2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმით განსაზღვრული აქტივობების დროული შესრულება, რაც ხელს შეუწყობს სფეროში გამოკვეთილი ძირეული პრობლემების მოგვარებას, მათ შორის დასაქმების ადგილებზე ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მინიმუმადე დაყვანას.