გამარტივებული ელექტრონული ტენდერი სოციალურად დაუცველთათვის კუბოების შესყიდვის მიზნით ფოთის მერიამ 2016 წლის 29 დეკემბერს გამოაცხადა. ტენდერში მონაწილეობა ორმა კომპანიამ მიიღო, საბოლოოდ კი გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „ტოტალ“ (ს/კ - 215139151), რომლის დირექტორია ნუგზარ ბარამია.
შესყიდვის ხელშეკრულება მხარეებს შორის 2017 წლის 20 იანვარს 37 000 ლარზე გაფორმდა. ხელშეკრულების თანახმად, შპს „ტოტალმა“ 2017 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში მერიის დაკვეთის შესრულება უნდა უზრუნველყოს, რაც იმაში გამოიხატება, რომ, ქალაქ ფოთში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი პირების გარდაცვალების შემთხვევაში, უნდა დაამზადოს ჩასასვენებელი (კუბო), რომლის სავარაუდო რაოდენობა 122 ერთეულს შეადგენს, ხოლო 1 ცალის საფასური - 257 ლარია.
შპს „ტოტალ“-ს ქალაქ ფოთის მერიის მიერ გამოცხადებული არაერთი ტენდერი აქვს მოგებული. 2017 წლის 1–ლი იანვრის შემდეგ კომპანია ახორციელებს სატუმბო სადგურების მოვლა-პატრონობას (შესყიდვის სახელშეკრულებო ღირებულება - 179 978 ლარი), სანიაღვრე არხების მოვლა-პატრონობისა და გაწმენდის სამუშაოებს (შესყიდვის სახელშეკრულებო ღირებულება - 249 989 ლარი) და სხვა. წინასწარი მონაცემებით, სავარაუდოდ იგივე კომპანია გაიმარჯვებს ფოთში, რუსთაველის რკალის მიმდებარე პარკში შადრევნის მოწყობისათვის ჩატარებულ ტენდერშიც, რომელზეც დაახლოებით 63 000 ლარი უნდა დაიხარჯოს.