რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია სანერგე მეურნეობის მოწყობა, საპირფარეშოს განთავსება და საჯინიბოს შენობის განახლება. ჩატარდება არსებული ჯვარედინა სასახლის რესტავრაცია-კონსერვაციის სამუშაოები. მოხდება მებაღის სახლის რეკონსტრუქცია, საფეხმავლო ბილიკების მოწყობა, არსებული ხელოვნური ტბისა და არხების აღდგენა, სასმელი წყლის და კანალიზაციის ქსელის მოწყობა. იგეგმება დენდოლოგიური პარკის ახალი ჯიშებით გამდიდრებაც.
ახალ დატვირთვას შეიძენს ყოფილი ბოტანიკის ინსტიტუტის შენობა. XX საუკუნის 50-იან წლებში აშენებული ნაგებობის რეაბილიტაციის შემდეგ პირველ სართულზე საგამოფენო და საკონფერენციო დარბაზი, ექსპოზიციის საცავი ოთახი და სველი წერტილები მოეწყობა. მეორე სართულზე კი განთავსდება ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის ოფისები, სამეცნიერო-სამუშაო ოთახი, ჰერბარიუმენის საგამოფენო სივრცე. ბაღის ტერიტორიაზე განთავსდება კაფეტერია.
რაც შეეხება სანერგე მეურნეობის შენობას, პროექტით გათვალისწინებულია სამეცნიერო და სელექციური მუშაობისთვის 2000 კვ.მ.-ის ფართობზე მცირე სანერგე მეურნეობის მოწყობა, ამ ტერიტორიაზე დაიდგმება დამხმარე ნაგებობა, სადაც განთავსებული იქნება ინვენტარის და თესლების შესანახი სათავსოები.
ბოტანიკური ბაღის პროექტირება უკვე დასრულდა და რეაბილიტაციის სამუშაოებისთვის ტენდერი გამოცხადდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 9 994 513 ლარია. წინადადებების მიღება 3 ნოემბერს იწყება და 7 ნოემბერს დასრულდება, ხოლო რეაბილიტაციის სამუშაოების დასრულების ვადად პროცესის დაწყებიდან 18 თვე განისაზღვრება.