weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ყვარლის იზოლატორის ყოფილი უფროსი და ინსპექტორი დააკავეს

18:13 პარასკევი, 13 ოქტომბერი 2017

მთავარმა პროკურატურამ 2011 წელს საპატიმრო დაწესებულებაში 14 პირის მიმართ ჩადენილი დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით, ყვარლის დროებითი მოთავსების იზოლატორის ყოფილი უფროსი თ.ვ. და ამავე იზოლატორის ყოფილი ინსპექტორი ვ.ს. დააკავა.

„ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2011 წლის მაისის თვეში, თბილისში, საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმდინარეობდა ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციები ,,სახალხო კრების“ წევრების და ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერთა მონაწილეობით.

იმ მიზნით, რომ ქუჩის საპროტესტო აქციებს არ მიეღო ფართომასშტაბიანი ხასიათი და მოეხდინათ საპროტესტო ტალღის ჩაცხრომა, 2011 წლის 18 მაისიდან 22 მაისამდე პერიოდში სამართალდამცავების მიერ დაიწყო ოპოზიციური პოლიტიკური მოძრაობის აქტიური წევრების და აქციის ორგანიზატორების დევნა, რა მიზნითაც, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში ჩატარდა რამდენიმე სპეცოპერაცია, რა დროსაც დაკავებულ იქნა გოჩა წიკლაური, ტარიელ მელქოშვილი, ვლადიმერ იმნაძე და საპროტესტო აქციაში მონაწილე პოლიტიკური პარტიების კიდევ 11 აქტივისტი, რომლებსაც ადმინისტრაციული წესით 30 დან 45 დღემდე ვადით პატიმრობა შეეფარდათ და შესახლებულ იქნენ შსს ყვარლის პოლიციის სამმართველოს შენობაში განთავსებულ დროებითი მოთავსების იზოლატორში.

პატიმრების შეყვანის შემდეგ, იზოლატორის უფროსმა თ.ვ-მ  მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ პატიმრობაში მყოფ ხსენებულ 14 პირს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები ჰქონდათ და მონაწილეობას იღებდნენ ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაში, მათი დასჯის მიზნით შეიმუშავა პატიმრებთან მოპყრობის დამამცირებელი და არაადამიანური წესები.

2011 წლის 21 მაისიდან 05 ივნისამდე პერიოდში, ყოველდღიურად, თ.ვ-ს და იზოლატორის კიდევ ერთ თანამშრომელს ვ.ს-ს, საკნებიდან გამოჰყავდათ პატიმრები და სცემდნენ ხელ-ფეხით, ამცირებდნენ და აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, აიძულებდნენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერების გინებას. პერიოდულად ხდიდნენ მაისურებს და აიძულებდნენ  საკნების მორეცხვას, რის შემდეგაც დაბინძურებულ სველ მაისურებს აცმევდნენ ძალით.

გარდა ამისა, პატიმრებს იზოლატორში არსებული მარაგებიდან და ოჯახის წევრების მიერ შეგზავნილი ამანათებიდან არ მიეწოდებოდათ საკმარისი ოდენობით საკვები; პატიმრებს არ აძლევდნენ  დღისა და ღამის საათებში დაძინებისა და დასვენების საშუალებას, პერიოდულად საკნებში შედიოდა თ.ვ. და პატიმრებს აიძულებდა საათობით ფეხზე დგომას“, - განაცხადეს პროკურატურაში. 

საქმეზე გრძელდება გამოძიება, თ.ვ-ს და ვ.ს-ს ბრალად ედებათ პატიმრების მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 -ე მუხლით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 დან 6 წლამდე ვადით.

პროკურატურის ინფორმაციით, 2012 წლის ოქტომბრამდე პერიოდში საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილი ცემა, წამება, არაადამიანური მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით, მხილებულ იქნა და სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 135 საჯარო მოხელის მიმართ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]