weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საგარეო საქმეთა სამინისტრო სოსო ოსორაულის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

19:15 კვირა, 15 ოქტომბერი 2017

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ქართველი სამხედრო მფრინავის სოსო ოსორაულის ტყვეობის საქმესთან დაკავშირებით, ისინი აგრძელებენ მუშაობას ყველა შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციასთან, ისევე როგორც ორმხრივ რეჟიმში კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობასთან.

„საგარეო საქმეთა სამინისტრომ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, მეამბოხეების ტყვეობაში იოსებ ოსორაულის ყოფნის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, აამოქმედა ყველა მექანიზმი საქართველოს მოქალაქის ტყვეობიდან გამოსახსნელად და საქართველოში დასაბრუნებლად.

ამასთან, პირველივე დღეებიდან იოსებ ოსორაულის ოჯახის წევრები და ყველა დაინტერესებული პირი ინფორმირებული იყო ყველა ნაბიჯის შესახებ, რასაც საგარეო საქმეთა სამინისტრო, სხვა უწყებებთან ერთად ახორციელებდა.

სამინისტროს ქმედებების შესახებ ინფორმირებული იყო თავად ტყვეობაში მყოფი იოსებ ოსორაული, რომელიც ერთ-ერთ ვიდეოში  მადლობას უხდის სამინისტროს ყველა იმ ნაბიჯისთვის, რაც იდგმებოდა მის გასათავისუფლებლად.

მას შემდეგაც, რაც, სამწუხაროდ, გავრცელდა ინფორმაცია იოსებ ოსორაულის დაღუპვის შესახებ, ასევე, მოპოვებული იქნა შესაბამისი ფოტომასალა (რომელსაც ჩაუტარდა ექსპერტიზა და ასევე, ნაჩვენები იქნა ოჯახის წარმომადგენლისთვის), საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსარცერთი წუთით არ შეუჩერებია ქმედებები, რათა ინფორმაცია გადამოწმებულიყო და შესაბამისად გადადგმულიყო შემდგომი ნაბიჯები.კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მიმდინარე საომარი მოქმედებებით გამოწვეული მძიმე ვითარების გამო, დღემდე ვერ ხერხდება სრულად ინფორმაციის დაზუსტება. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ყველა შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციასთან, ისევე როგორც ორმხრივ რეჟიმში კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობასთან.

იოსებ ოსორაულის დაღუპვის შესახებ სხვადასხვა წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის მიუხედავად, ვიდრე არ მოხდება ფაქტის შესაბამისი დადასტურება, პირის გარდაცვალების შესახებ მტკიცებითი ფორმით საუბარი შეუძლებელია.

ჩვენ ვიზიარებთ ოჯახის წევრების შეშფოთებას გაურკვეველი სიტუაციის გამო, თუმცა ვარწმუნებთ, რომ სახელმწიფო ორგანოების მიერ ყველა ნაბიჯი იდგმება საბოლოო შედეგის მისაღწევად და ოჯახის წევრების ჩართვის არანაირი მიზანშეწონილობა არ არსებობს. როგორც აქამდე ხდებოდა, ოჯახი მომავალშიც სრულად იქნება ინფორმირებული სახელმწიფოს მიერ განხორცილებულ ნაბიჯებთან დაკავშირებით“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს სხვა მოქალაქეებს, რომლებიც იმყოფებიან კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, დაბრუნდნენ სამშობლოში, რადგან ისინი იქ მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, საფრთხის ქვეშ არიან.

სოსო ოსორაულის გათავისუფლების მოთხოვნით, დღეს, თბილისში, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა. ოსორაულის ოჯახის წევრები და აქციის მონაწილეები საქართველოს მთავრობას არასაკმარის რეაგირებაში ადანაშაულებენ.

41 წლის სოსო ოსორაული კონგოში, უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების, „23 მარტის მოძრაობის“ ტყვეობაში 8 თვის წინ ჩავარდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]