შსს-ს ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველები ჩოხატაურის, ლანჩხუთისა და ოზურგეთის რაიონებში სტიქიისგან დაზარალებული მოსახლეობის სამაშველო ღონისძიებებს 24 საათის განმავლობაში ახორციელებენ.
გადაუღებელმა წვიმამ მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა იმერეთშიც. ამ დროისათვის, შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში აღნიშნული რეგიონიდან 300-მდე შეტყობინებაა შესული. დატბორილია საცხოვრებელი სახლების ეზოები და სარდაფები, ასევე, საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებები. უხვი ნალექის შედეგად, დაიტბორა ქუთაისის 32-ე და 35-ე საჯარო სკოლების პირველი სართულები და სარდაფები. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველებმა ორივე სასწავლო დაწესებულებიდან მოსწავლეებისა და პედაგოგების ევაკუაცია დროულად განახორციელეს.
გადაუღებელი წვიმის შედეგად, მდინარე ოღასკურაც ადიდდა და ქალაქ ქუთაისის დასავლეთ ნაწილი დატბორა, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია. შსს–ს სამაშველო ჯგუფები ადგილზე იმყოფებიან და წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს აწარმოებენ.
მეხანძრე-მაშველებმა დახმარება გაუწიეს ქუთაისის ორ სამშობიარო დაწესებულებას. სახანძრო-სამაშველო ჯგუფები ამ დრომდე აწარმოებენ წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს 4 საავადმყოფოს ტერიტორიაზე, სადაც დატბორილია შენობების პირველი სართულები და სარდაფები.
ცენტრალურ გზებზე მობილიზებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეცტექნიკა. მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები.