ლაშა კვირკვაიას 2015 წლის ნოემბერში დააკავეს. მას ბრალი ედებოდა სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებაში, რამაც ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.
საქმის მასალების თანახმად, 2015 წლის 8 ნოემბერს, საქართველოს შს სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-5 განყოფილების უფროსს ლაშა კვირკვაიას შეკამათება მოუვიდა, იმავე განყოფილებაში მისულ ადვოკატ გიორგი მდინარაძესთან, მისი დაცვის ქვეშ მყოფი - არასრულწლოვნის მიერ დუმილის უფლების გამოყენების გამო. ლაშა კვირკვაიამ ძალადობით გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას და გიორგი მდინარაძეს მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება.
საქმის არსებითად განხილვისას ბრალდებულმა წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ, თუმცა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, ბრალდებულის მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტი.
„მტკიცებულებათა არასაკმარისობის გამო, სასამართლომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად ვერ ცნო ლაშა კვირკვაია ბრალდება, რომ მან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ჩაიდინა ძალადობით. შესაბამისად სასამართლომ ბრალდებულის ქმედება გადააკვალიფიცირა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაზე. ბრალდებულის პიროვნების და ქმედების ხასიათის გათვალისწინებით, ლაშა კვირკვაიას სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმა - 12 000 ლარი განესაზღვრა, რაც ბრალდებულის პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმცირდა და საბოლოოდ, ჯარიმის ოდენობა განისაზღვრა 10 000 ლარის ოდენობით“, - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.