შსს-ს ცნობით, მოქალაქეებმა მეზობლური კონფლიქტის ფაქტზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. შემთხვევის ადგილზე მისულ პატრულ-ინსპექტორებს, კონფლიქტის განმუხტვის შემდეგ, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა მამაკაცი დაუპირისპირდა. სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ მამაკაცი განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა და შეურაცხყოფას აყენებდა მოქალაქეს, რომელმაც საპატრულო პოლიცია გამოიძახა, ასევე, გარშემომყოფ პირებს და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს.
"პატრულ-ინსპექტორებმა მამაკაცს არაერთგზის მოუწოდეს წესრიგისა და კანონის დაცვისკენ, თუმცა იგი არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და კიდევ უფრო აგრესიული გახდა. აღნიშნული პირი, კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ადმინისტრაციული წესით დაკავების დროს, უეცრად შეუძლოდ გახდა და ადგილზე გარდაიცვალა", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
თვითმხილველების განცხადებით, დაკავების დროს მამაკაცმა პატრულის თანამშრომლებს უთხრა რომ შეუძლოდ იყო, თუმცა სამართალდამცავებმა მისი დაკავება გააგრძელეს და დახმარება არ აღმოუჩნეს.
"პატრულის მხრიდან ძალის გადამეტება მოხდა. როდესაც უკან ხელი აუგრიხეს და ბორკილს ადებდნენ, ჩაიჩოქა და უთხრა, თავი დაენებებინათ, რადგან ცუდად იყო. ბიჭებიც ეხვეწებოდნენ, მაგას დაანებეთ თავი რას ერჩითო. ჩვენ ვეუბნებოდით სასწრაფო გამოეძახებინათ, მაგრამ რომ არ გამოიძახეს ჩვენ დავრეკეთ. სასწრაფო რომ მოვიდა, უკვე გარდაცვლილი იყო", - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი "რუსთავი 2"-თან.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები დაწყებულია, თუმცა არ აკონკრეტებენ რომელი მუხლით მიმდინარეობს გამოძიება.