„ვიღაცეების ჯგუფმა შეურაცხყო ბორჯომში არსებული ძმათა სასაფლაო. მოხსნეს სტალინის ბიუსტი, გაიტანეს და დაამტვრიეს. ასევე, საღებავებით გადაღებეს თუნუქის ფურცლებზე ამოტვიფრული მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა გვარ–სახელები. მემორიალზე დააწერეს 1921, 1924 და 1937 წლები. კი, რეპრესიები ცუდია, სამწუხაროა, მაგრამ დღეს, 21–ე საუკუნეში რას ნიშნავს ძეგლებთან ბრძოლა, ჩემთვის გაუგებარია“, – ციტირებს ბორჯომის ტელევიზია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლის სოსო გოგოლაძის კომენტარს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სტალინის ბიუსტი მცირედით არის დაზიანებული. მომხდარ ფაქტზე გამოძიება ბორჯომის პოლიციამ დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 187–ე მუხლით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.
9 მაისს ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები 1941-1945 წლებში სამამულო ომში ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვებას აღნიშნავენ. წელს 72–ე წლისთავი აღინიშნება. საქართველოს შრომის კოდექსით 9 მაისი უქმე დღეა. საქართველოს გარდა, 9 მაისი დასვენების დღედ არის გამოცხადებული აზერბაიჯანში, სომხეთში, ბელორუსში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, მოლდავეთში, რუსეთში, ტაჯიკეთში, თურქმენეთში, უზბეკეთსა და უკრაინაში.
მეორე მსოფლიო ომს 60 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის საქართველოდან 200 ათასზე მეტი მოქალაქე დაიღუპა ან უგზო-უკვლოდ დაიკარგა.