შუახევის მუნიციპალიტეტის ერთ–ერთი სკოლის მოსწავლეები, რომლებიც იმერეთში ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ, ოთარ სინაურიძის რესტორანში ვახშმობის შემდეგ, ინტოქსიკაციის ნიშნებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
„სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამმართველოს სპეციალისტებმა კვების ობიექტში იმავე დღეს ჩაატარეს არაგეგმური ინსპექტირება, გამოვლინდა კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები, რის გამოც ობიექტს შეუჩერდა საწარმოო პროცესი და ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა. ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია ნიმუშები. საზოგადოებრივი კვების ობიექტი საწარმოო პროცესის განახლებას კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობების გამოსწორების და მიცემული რეკომენდაციების გათვალისწინების შემდეგ შეძლებს“, - განაცხადეს სააგენტოში.