2018 წლიდან ტესტში ანალოგიები არა დამოუკიდებელი ბლოკის სახით, არამედ წაკითხული ტექსტის გააზრების დავალებების ბლოკთან ერთად იქნება წარმოდგენილი. წაკითხულის გააზრების ნაწილს თან დაერთვება 10 დავალება (ნაცვლად 6 დავალებისა). ამ დავალებათა ნაწილი (5-7 დავალება) კვლავ იქნება ტექსტში მოცემული ინფორმაციის გააზრების შესამოწმებლად დასმული შეკითხვები, ხოლო 3-5 დავალება იქნება ანალოგიის ტიპის, თუმცა იმ განსხვავებით, რომ ანალოგიები, ძირითადად, ტექსტში არსებულ სიტყვებზე აიგება, რათა აბიტურიენტს სიტყვის მნიშვნელობის წვდომა კონტექსტის საფუძველზე გაუადვილდეს.
ანალოგიების ბლოკის ცვლილება ლოგიკის ბლოკში დავალებათა რაოდენობაზეც აისახება. ამ ბლოკში დავალებების რაოდენობა გაიზრდება, თუმცა ლაკონიური და მარტივი დავალებების ხარჯზე.
ზოგადი უნარების ტესტი ვერბალური და მათემატიკური ნაწილილებისგან შედგება. ტესტის თითოეულ ნაწილზე სამუშაოდ აპლიკანს ეძელვა 1 საათი და 35 წუთი. ტესტის მაქსიმალური ქულაა 80.
2018 წელს გარკვეული სიახლე ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდასაც შეეხება. იგეგმება არგუმენტირებული ესეს შეფასების კრიტერიუმების კორექტირება. ცვლილებები მიზნად ისახავს შეფასების მექანიზმის სრულყოფას. ახალი კრიტერიუმებით არგუმენტირებული ესეს შეფასების მაქსიმალური ქულაა 24, ნაცვლად 20 ქულისა. ამ კრიტერიუმებით გაიზარდა ნაშრომის შინაარსობრივი მხარის შეფასების ხვედრითი წილი, რაც მიზნად ისახავს მსჯელობის არგუმენტირებისა და არაშაბლონურობის, აგრეთვე კრიტიკული აზროვნების წახალისებას.