weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

რეჟისორი ემირ კუსტურიცა დე-ფაქტო აფხაზეთის კეთილი ნების ელჩი გახდა

16:09 სამშაბათი, 07 ნოემბერი 2017

სერბი კინორეჟისორი და მუსიკოსი ემირ კუსტურიცა აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკაში არსებულ საქველმოქმედო ორგანიზაციას - „აფხაზეთის კეთილი ნების ელჩებს“ შეუერთდა და მოსკოვში, ე.წ. კეთილი ნების ელჩის სერთიფიკატი და მედალიც მიიღო.

„სპუტნიკის“ ინფორმაციით, კუსტურიცამ მხარი დაუჭირა ინიციატივას, რომელიც აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხისადმი მსოფლიო საზოგადოების ყურადღების მიქცევას გულისხმობს.

„როგორც გაეროს კეთილი ნების ელჩი, მე მხარს ვუჭერ „აფხაზეთის კეთილი ნების ელჩების“ მოწოდებას. აფხაზეთში მდებარე უძველესი ქრისტიანული ტაძრები უნდა შენარჩუნდეს და მომავალმა თაობებმა ნახონ“, - ციტირებს „სპუტნიკი“ კუსტურიცას კომენტარს.

„სპუტნიკის“ ინფორმაციით, „აფხაზეთის კეთილი ნების ელჩები“ ჯანდაცვის, განათლებისა და სპორტის სფეროებში ჰუმანიტარულ პროექტებს ახორციელებენ. ოქტომბრის ბოლოს მათ ვიდეორგოლი გაავრცელეს, რომლითაც გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) ხელმძღვანელობას და გაეროს კეთილი ნების ელჩებს მოუწოდეს, ყურადღება მიაქციონ აფხაზეთში ქრისტიანული ტაძრების შენარჩუნების საკითხს.

ემირ კუსტურიცა ღიად უჭერს მხარს რუსეთის საოკუპაციო მოქმედებებს. წელს მან რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმი რუსეთის ტერიტორიად აღიარა. მანამდე კი განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კარგი ადამიანია და ხელისუფლებაში მისი მოსვლის შემდეგ სერბმა ხალხმა მათდამი პატივისცემა იგრძნო. სერბი კინორეჟისორი უკრაინის კულტურის სამინისტროს შავ სიაშია შეყვანილი.

2009 წელს ემირ კუსტურიცა კრემლის მიწვევით ოკუპირებული ცხინვალის რეგიონშიც იმყოფებოდა. მიმდინარე წლის დეკემბერში ის საქართველოში ჩამოსვლას და კონცერტის გამართვას გეგმავდა, თუმცა, კონცერტის ბილეთები გაყიდვიდან ამოიღეს, ღონისძიება კი გაურკვეველი ვადით გადაიდო. კომპანია Art Media Group-ის დირექტორის, ლელა ასლანიკაშვილის განცხადებით, მათთვის უცნობი იყო, რომ 2009 წელს კუსტურიცა ოკუპირებულ ცხინვალში იყო ნამყოფი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]