weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ამირან კვირიკაშვილის გარდაცვალების საქმე პროკურატურამ უნდა გამოიძიოს - საია

14:03 პარასკევი, 10 ნოემბერი 2017

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ ხარაგაულში, 28 წლის ამირან კვირიკაშვილის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიება უნდა აწარმოოს არა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, არამედ საქართველოს პროკურატურამ.

„გავრცელებული ინფორმაციით, კვირიკაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაამთავრა მას შემდეგ, რაც ის პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა. ოჯახის წევრები დაკითხვის დროს მის მიმართ პოლიციელების მიერ გამოყენებულ ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე საუბრობენ.

ამ პირობებში, ოფიციალური ინფორმაციით საქმის შესწავლას შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის გამომძიებლები ახორციელებენ, სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) გათვალისწინებულიდანაშაულისათვის.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 7 ივლისის ბრძანება, რომელიც სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო ქვემდებარეობის წესებს განსაზღვრავს, პირდაპირ ადგენს, რომ პოლიციელთა მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაული პროკურატურის გამომძიებლების ქვემდებარეობას განეკუთვნება. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ არაერთ საქმეზე დადგენილი პრაქტიკით, როდესაც არსებობს გონივრული ეჭვი, რომ დანაშაული სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჩაიდინეს, ეფექტური და დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება საქმის სხვა უწყების მიერ გამოძიებას გულისხმობს. ერთ-ერთი გარემოება, რის გამოც ევროპულმა სასამართლოს საქმეზე „ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ“ მიღებულ გადაწყვეტილებაში გამოძიების მიკერძოებულობა დაადგინა იყო ის, რომ ძირითადი საგამოძიებო მოქმედებები შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლებმა აწარმოეს. სასამართლომ დარღვევად ჩათვალა ისიც, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება პროკურატურას არ გადასცა მაშინვე, როცა შეიტყო, რომ ამ დანაშაულში წვლილი სავარაუდოდ შს სამინისტროს თანამშრომლებს მიუძღოდათ.

კვირიკაშვილის საქმის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოძიება იმთავითვე ეჭვქვეშ აყენებს გამოძიების დამოუკიდებლობასა და ეფექტურობას.

მოვუწოდებთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას, რომ დაიცვან როგორც საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტები და ამირან კვირიკაშვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე დაწყებული გამოძიება დაუყოვნებლივ გადაეცეს საქართველოს პროკურატურას. ამასთან, პროკურატურამ უნდა უზრუნველყოს საქმის ყოველმხრივი, სწრაფი და ობიექტური გამოძიება და როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრების, ასევე საზოგადოების ინფორმირება გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების თაობაზე“, - ნათქვამია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]