სტადიონზე შეჭრამდე ააფეთქეს პიროტექნიკაც. სტადიონის დაცვის სამსახურმა ცოტა ხნით შესასვლებებიც ჩაკეტა, რამაც გულშემატკივრების პროტესტიც გამოიწვია. მომხდარის გამო ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიცია იყო მობილიზებული. „ქართული მარშის“ წევრებმა სტადიონზე ლგბტ თემის დროშა დაწვეს, რის შემდეგაც სამართალდამცავებმა მათ სტადიონი დაატოვებინეს. მობილიზებული იყო სპეცრაზმიც.
დაპირისპირების და ხულიგნობის მიუხედავად, თამაში არ შეწყვეტილა. საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვლადიმერ ვაისის განმარტებით, გურამ კაშიამ მას თამაშის მიმდინარეობისას შეცვლა სთხოვა, რაც დააკმაყოფილა. მატჩი ფრედ 2-2 დასრულდა.
სტადიონის დატოვებამდე „ქართული მარშის“ წევრები პოლიციელების თანდასწრებით იგინებოდნენ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, თუმცა ხულიგნობის მიუხედავად, სამართალდამცავებს „ქართული მარშის“ არცერთი აქტივისტი არ დაუკავებიათ.
„მივმართავ კაშიას, გურამ, ჩემო ძვირფასო, შენი საქციელი შენს გულშემატკივარს არ მოეწონა. ის მაინც ეთქვა - ბოდიში, ძმებო, არ მეგონა, თუ ასე გატკენდით გულსო. მთელმა მსოფლიომ გაიგო ამ ამბის შესახებ“, - განაცხადა „ქართული მარშის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია კორკოტაშვილმა.