weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

კომუნიკაციების კომისიამ „რუსთავი 2“ და „იმედი“ წერილობით გააფრთხილა

11:42 პარასკევი, 17 ნოემბერი 2017

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „რუსთავი 2“ და „იმედი“ საარჩევნო კოდექსის და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის გამო წერილობით გააფრთხილა. კომისიის ცნობით, 2017 წლის ადგილობრივი არჩევნების წინასაარჩევნო მედიამონიტორინგის ფარგლებში გამოვლინდა, რომ „რუსთავი 2“-ის და „იმედის“ ეთერში, მთელი წინასაარჩევნო პერიოდის მანძილზე „შენების მოძრაობა“ (ეროვნული ფორუმი) არცერთ წინასაარჩევნო პოლიტიკური დებატების პროგრამაში მიწვეული არ ყოფილა.

წინასააჩევნო მედიამონიტორინგის პროცესში, კომისიას პოლიტიკურმა გაერთიანებამ წერილით მიმართა, სადაც აღნიშნულია, რომ „შენების მოძრაობის“, როგორც კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის თხოვნა პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობის მიღების თაობაზე, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-მა და შპს „ტელეიმედმა“ არ დააკმაყოფილეს.

საჩივრის მიღების შემდეგ, კომისიამ კომპანიებს „შენების მოძრაობის“ წერილზე განმარტება მოსთხოვა. „ტელეიმედმა“ განმარტა, რომ „შენების მოძრაობა“ დებატში ტექნიკური ხარვეზის გამო ვერ მოხვდა, თუმცა საარჩევნო სუბიექტთან მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომლის თანახმადაც მათ დრო სხვა გადაცემებში დაეთმობოდათ და საკუთარი პროგრამისა და ხედვების წარდგენას შეძლებდნენ.

„რუსთავი 2“-მა კომისიას განუმარტა, რომ საეთერო ბადის დაგეგმარებიდან გამომდინარე, შეუძლებელი იყო ყველა კვალიფიციური სუბიექტის მიწვევა წინასაარჩევნო დებატებში და სტუმრების შერჩევისას ტელეკომპანია საზოგადოებრივი აზრის კვლევებს დაეყრდნო. აგრეთვე, ტელეკომპანიამ აღნიშნა, რომ არჩევნებამდე ეთერში დებატების პროგრამის განთავსების შემთხვევაში, „შენების მოძრაობა“ მონაწილეობას მიიღებდა.

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საერთო მაუწყებელმა, რომელიც გადაწყვეტს, წინასაარჩევნო კამპანია საკუთარ ეთერში გააშუქოს, წინასაარჩევნო დებატები უნდა გადასცეს არადისკრიმინაციულად და ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მონაწილეობით, თავისი მომსახურების ზონაში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის დროს. ხოლო, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის თანახმად, საერთო მაუწყებელმა უნდა გადასცეს წინასაარჩევნო დებატები მისი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს. ამასთან, საერთო მაუწყებელმა მისი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს, აგრეთვე საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არადისკრიმინაციულად უნდა უზრუნველყონ ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის თანაბარი მონაწილეობა წინასაარჩევნო დებატებში.

კომისიამ მიიჩნია, რომ  „ტელეიმედის“ პოზიცია, „შენების მოძრაობის“ დებატებში მონაწილეობის უფლების დარღვევა ტექნიკური მიზეზის გამო, ხოლო „რუსთავი 2“-ის პოზიცია, რომ დებატის გამართვისას უპირატესობა საარჩევნო სუბიექტებს სოციოლოგიურ კვლევებზე დაყრდნობით მიანიჭეს, კანონით დაკისრებული ვალდებულების თავიდან აცილების საფუძვლად ვერ ჩაითვლება, რადგან კანონი პირდაპირ მიუთითებს, რომ მაუწყებლებმა უნდა უზრუნველყონ არადისკრიმინაციულად ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის თანაბარი მონაწილეობა დებატებში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]