განკარგულების პროექტის მიხედვით, ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩის დასასრულიდან აეროპორტის გზატკეცილამდე არსებული გზა ქუჩად უნდა გარდაიქმნას და მას გიორგი ანწუხელიძის სახელი მიენიჭოს.
საკრებულოს მიერ განკარგულების მიღებამდე, საკითხი შესათანხმებლად გადაეგზავნება გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედ სამთავრობო კომისიას.
2014-2017 წლის მოწვევის ბათუმის საკრებულომ მუშაობა დაასრულა. აეროპორტამდე 2.5 კილომეტრიანი გზის მონაკვეთის ქუჩად დარეგისტრირებისა და მისთვის გიორგი ანწუხელიძის სახელის მინიჭების თაობაზე ახალი მოწვევის საკრებულო იმსჯელებს, რომელიც პირველ სხდომას 20 ნოემბერს გამართავს.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, გიორგი ანწუხელიძის სახელი ქალაქ გორში მდებარე ქუჩას ეწოდა. საკრებულომ ეს გადაწყვეტილება ყოფილი მოსკოვის ქუჩაზე მცხოვრები მოქალაქეების მოთხოვნის საფუძველზე მიიღო.
გიორგი ანწუხელიძე 1984 წელს ახმეტაში დაიბადა და სოფელ ქვემო ალვანში ცხოვრობდა. ის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაიღუპა. სერჟანტი დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, უწყებრივი მედლით „სამშობლოსათვის თავდადებული“, მინიჭებული აქვს ეროვნული გმირის წოდება.