weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მარნეულის სათემო რადიოს საკრებულოს სხდომების ტრანსლირების უფლება შეუზღუდეს

19:26 ორშაბათი, 20 ნოემბერი 2017

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელმა ნინო ბერიძემ ახალარჩეული საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მარნეულის სათემო რადიოს ჟურნალისტს, საკრებულოს სხდომის პირდაპირ ეთერში ტრანსლირების შესაძლებლობა არ მისცა.

მარნეულის სათემო რადიოს რედაქტორი კამილა მამედოვა ამბობს, რომ საკრებულოს აპარატის უფროსმა ტრანსლირების შეწყვეტის დასასაბუთებლად საკრებულოს 2014 წლის დადგენილება მოიშველია.

„როგორც ნინო ბერიძემ სხდომაზე ჩვენს ჟურნალისტს განუცხადა, საკრებულოს სხდომების ტრანსლაციას საკრებულოს 2014 წლის 11 ივლისის დადგენილების მე–10 მუხლი არეგულირებს. ჩვენ გასულ წელსაც ვახორციელებდით სხდომების ტრანსლაციას სათემო რადიოს ფეისბუქის გვერდზე და ასეთი პრობლემა არ შეგვქმნია. ახლა არ მოწონთ რომ ვიღებთ და პირდაპირ რეჟიმში ვუშვებთ და შეგვზღუდეს“, – უთხრა „რეგინფოს“ კამილა მამედოვამ.

საკრებულოს რეგლამენტის მიხედვით, საკრებულოს ღია სხდომების რადიო და ტელე ტრანსლაცია, ასევე ინტერნეტის მეშვეობით შეიძლება მოეწყოს საკრებულოს გადაწყვეტილებით, თუ საკრებულოს ღია სხდომაზე დასწრების მსურველთა რაოდენობა მეტია, ვიდრე საკრებულოს სხდომათა დარბაზში გამოყოფილი ადგილების რაოდენობა. საკრებულოს სხდომის ტრანსლაციას და მის საჯაროობას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი. 

იურისტის და ყოფილი მოსამართლის გელა შაშიაშვილის განმარტებით, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 87-ე მუხლით განსაზღვრულია, რომ მუნიციპალიტეტის საკრებულოს და საკრებულოს კომისიების სხდომები საჯაროა, მასზე დასწრების უფლება ნებისმიერ პირს აქვს მინიჭებული ყოველგვარი წინასწარი შეტყობინების ანდა ნებართვის გარეშე.

„ამ წესიდან გამონაკლისის დაშვება შეიძლება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ადგენს, რომ კოლეგიური ორგანოს სხდომის დახურვა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ მასზე განსახილველი საკითხები შეეხება პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას.

მარნეულის საკრებულოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საჯარო მმართველობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპებს.

იქმნება პარადოქსული ვითარება, როდესაც მედიის წარმომადგენელს კანონი ანიჭებს საკრებულოს სხდომაზე თავისუფლად დასწრების უფლებას, თუმცა თავისი პროფესიული ფუნქციების შესასრულებლად მან თურმე საკრებულოსგან უნდა მიიღოს თანხმობა.

ადგილობრივი თვითმმართველობის ნებისმიერი სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კანონს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას იურიდიული ღირებულება ვერ ექნება. საკრებულოებმა უნდა გაითავისონ, რომ კონსტიტუციით აღიარებული დემოკრატიული ღირებულებები არ შეიძლება გახდეს სხდომაზე კენჭისყრით გადაწყვეტის საგანი“, – აღნიშნავს გელა შაშიაშვილი.

ნინო ბერიძემ საკრებულოს ღია სხდომაზე ჟურნალისტების შეზღუდვასთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთა. საკრებულოს ახალარჩეულმა თავმჯდომარემ, ამირან გიორგაძემ კი სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]