weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პატიმართა წამების საქმეზე ციხის ყოფილი თანამშრომლები დააკავეს

15:03 სამშაბათი, 21 ნოემბერი 2017

პროკურატურამ პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გლდანის N8 დაწესებულების და რუსთავის N6 დაწესებულების ხუთი ყოფილი თანამშრომელი დააკავეს.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2011-2012 წლებში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსი და ამავე განყოფილების თანამშრომლები ლ.ბ. და დ.ხ., დასჯისა და დაშინების მიზნით პატიმრებს უსწორდებოდნენ ფიზიკურად და ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაშიაყენებდნენ.

„დადგინდა, რომ ბრალდებულები დაწესებულებაში შესახლებისას, პატიმრებს განურჩევლად უსწორდებოდნენ ძალადობრივი მეთოდებით, აყენებდნენ მათ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, ხოლო შემდგომ პერიოდშიც ამავე პატიმართა მიმართ ძალადობას ჰქონდა სისტემატიური ხასიათი, რისი მიზანიც იყო მათი უსიტყვო მორჩილება.

ბრალდებულთა  ქმედებების შედეგად პატიმრებს უკანონოდ შეზღუდული ჰქონდათ გასეირნების, სატელეფონო საუბრებისა და მიმოწერის უფლება. არ ჰქონდათ სამედიცინო მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობა, მათ ასევე შეზღუდული ჰქონდათ ძილისთვის  და დასვენებისთვის განკუთვნილი დრო. 

პატიმრების მიმართ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას, 2012 წლამდე პერიოდში, ასევე სისტემური ხასიათი ჰქონდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის რუსთავის N6 დაწესებულებაში. გამოძიებით დადგინდა, რომ რუსთავის N6 დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების თანამშრომლებს - დ.ა.-ს,  თ.მ.-ს  და  ბ.დ.-ს  საპყრობილის რეჟიმის დებულების სრული იგნორირებით, შემუშავებული ჰქონდათ პატიმრებთან მოპყრობის საკუთარი წესები. კერძოდ, ბრალდებულები პატიმრებს ართმევდნენ კანონით მინიჭებული პირადი ჰიგიენის ნივთებს, საწოლისთვის განკუთვნილ თეთრეულს, იძულებით აშიშვლებდნენ და მათი ნების საწინააღმდეგოდ შიშველ მდგომარეობაში ამწყვდევდნენ კარცერში, სადაც დაბალი ტემპერატურის მიუხედავად,  გაუსაძლის მდგომარეობაში ამყოფებდნენ მრავალი დღის განმავლობაში. აღნიშნული სახის  არაადამიანურ მოპყრობას რუსთავის №6 დაწესებულებაში ჰქონდა სისტემური ხასიათი  და გამოიყენებოდა განურჩევლად, პატიმრების დასჯისა და დაშინების მიზნით“, - განაცხადეს პროკურატურაში.

უწყების ცნობით, არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაიკითხა 800-მდე მსჯავრდებული, რომლებიც განთავსებული იყვნენ პენიტენციური სისტემის სხვადასხვა დაწესებულებაში.

საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“, „ზ“ ქვეპუნქტებით (მოხელის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორი ან მეტი პირის მიმართ, ჯგუფურად, დაკავებული ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ დამცირება, არაადამიანური, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს და მორალურ ტანჯვას აყენებს მათ) რაც სასჯელის სახედ და ზომად ოთხიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის მიერ, პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიების შედეგად, სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია პენიტენციური სისტემის 72 თანამშრომლის მიმართ, მათ შორის  სასჯელაღსრულების დაწესებულების 8 დირექტორისა და 7 დირექტორის მოადგილის მიმართ.

ყველა ზემოაღნიშნული დანაშაულებრივი ეპიზოდი ჩადენილია 2012 წლის ოქტომბრამდე პერიოდში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]