weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბინა, რომელიც სპეცოპერაციის სამიზნეა, პანკისის ხეობაში მცხოვრების საკუთრებაა

12:56 ოთხშაბათი, 22 ნოემბერი 2017

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, 46–ე კორპუსში, მე–2 სართულზე მდებარე ბინა, რომელიც სპეცოპერაციის სამიზნეა და რომელსაც თვითმხილველების მიერ გავრცელებულ ვიდეომასალებში ცეცხლი უკიდია, პანკისის ხეობის სოფელ დუისში მცხოვრებ ა. ჯ.-ს ეკუთვნის. ეს ინფორმაცია სააგენტო „რეგინფოს“, გავრცელებული ვიდეომასალის ნახვის შემდეგ ა. ჯ.-ის ოჯახის წევრებმა დაუდასტურეს.

ა.ჯ.-ის ახლობლების ინფორმაციით, მან ბინა ერთი თვის წინ გააქირავა მისი ცოლისძმის, 38 წლის რ. გ–შვილის დახმარებით, რომელიც ასევე პანკისის ხეობის მკვიდრია. მასთან დაკავშირებას, ოჯახის წევრები წუხელ გვიან საღამოდან ვეღარ ახერხებენ.

„გუშინ, ღამის 12 საათის შემდეგ ვურეკავთ და ტელეფონი გამორთული აქვს. ვეღარ ვუკავშირდებით. არვიცით დაკავებულია თუ არა“, - უთხრა „რეგინფოს“ ერთ-ერთმა ახლობელმა.

ნათესავების თქმით, ა.ჯ.-ს ცოლისძმა თბილისში სამშენებლო ობიექტზე მღებავად მუშაობდა, რამდენიმე თანასოფლელთან ერთად. თანასოფლელები მას დადებითად ახასიათებენ და ამბობენ, რომ რადიკალურ დაჯგუფებებთან ან ტერორიზმთან მას არანაირი კავშირი არ ჰქონია.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, ბინა უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა იქირავეს.

„რეგინფო“ ა. ჯ-ს რამდენიმე წუთის წინ ესაუბრა. მან უარყო, რომ ბინა, რომელიც სპეცოპერაციის სამიზნეა, მას ეკუთვნის. მისი კომენტარის შემდეგ „რეგინფო“ ისევ ესაუბრა მის ახლობლებს, რომლებმაც დაადასტურეს, რომ აღნიშნული ბინა ა. ჯ-ს საკუთრებაა და დედამისმა იყიდა, რომელიც ამჟამად ევროპაში ცხოვრობს.

ა. ჯ-თან დაკავშირება ამჟამად ვეღარ ხერხდება. პანკისის სათემო რადიო WAY-ს ინფორმაციით, იგი დუისის პოლიციის შენობაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს დაკითხვაზე ჰყავთ.

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე კონტრეტერორისტულომა ცენტრმა სპეცოპერაცია წუხელ დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. სუს–ის ინფორმაციით, პირებმა, რომელთა დაკავების ოპერაციაც მიმდინარეობს, სპეციალური დანაყოფის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის ნინო გიორგობიანის განცხადებით, სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია ერთი პირი, ხოლო დანარჩენი პირების დასაკავებლად სპეცოპერაცია გრძელდება. მისივე თქმით, წინასწარი ინფორმაციით, აღნიშნული პირები არ არიან საქართველოს მოქალაქეები და არიან ტერორისტული დაჯგუფების წევრები.

„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტი ოპერაციის საწყის ეტაპზე აწარმოებდა მოლაპარაკებებს მათთან სამართალდამცავებისთვის ჩაბარების თაობაზე, რაზეც მათ უარი განაცხადეს. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა გახსნეს ცეცხლი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან და ხელყუმბარები ისროლეს. სროლის შედეგად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ერთი თანამშრომელი დაიჭრა. ამ დროისთვის მიმდინარეობს აღნიშნული პირების ვინაობის სრული იდენტიფიკაცია. მათი სავარაუდო დანაშაულებრივი კავშირების დადგენის მიზნით საგამოძიებო მოქმედებები ხორციელდება როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ“, – განაცხადა გიორგობიანმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]