weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

შესაძლოა ეს საქმე რეპრესიული საპოლიციო პოლიტიკისთვის გამოიყენონ - მიქელაძე

00:32 ხუთშაბათი, 23 ნოემბერი 2017

„არსებობს რისკი, რომ აღნიშნულ საქმეს სახელმწიფო კონტრტერორისტული მიდგომების გაძლიერებისთვის გამოიყენებს, რაც პირველ რიგში და მეტწილად რეპრესიულ საპოლიციო პოლიტიკას გულისხმობს და ჩვეულებრივ მოქალაქეებზე სოციალური კონტროლის გაძლიერებას ნიშნავს. მსგავსი მინიშნებები საჯარო განცხადებებში უკვე ჩანდა“, - აცხადებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელი თამთა მიქელაძე, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით.

„მთავრობამ მთელი დღე გვაყურებინა „ბოროტებასთან“ ბრძოლის შიშველი კადრები ყოველგვარი ახსნა-განმარტების და პოლიტიკური ინტერპრეტაციის გარეშე, რაც სავარაუდოდ, საზოგადოებაში შიშის და ამ ფონზე მთავრობის, პოლიციის მიმართ ლოიალობის გაძლიერებას ისახავდა მიზნად.

მთავრობის რიტორიკა, რომ „სამართალდამცავი ორგანოები ჩვენს უსაფრხოებას წარმატებით იცავენ“, გაჭიანურებული და სპონტანური სპეცოპერაციის პირობებში, როდესაც ინტენსიური სამხედრო და საპოლიციო ძალით მთავრობა რამდენიმე ადამიანის დაკავებას 24 საათის განმავლობაში ცდილობდა, ამგვარ შთაბეჭდილებას ნამდვილად არ ქმნის.

მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ აღნიშნული ჯგუფის ინტერესი იყო საქართველოში ძალადობრივი მოქმედებების ჩადენა, თუ საქართველო მათთვის მხოლოდ ტრანზიტული ტერიტორია იყო.

ეს გარემოება საქართველოს მიმართ საფრთხეების, მათ შორის, მომავალი საფრთხეების გასაზომად და საქმის სწორი პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასებისთვის არსებითია. მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ აღნიშნული პირების დაკავება რომელი ქვეყნის მოთხოვნით მოხდა? რა სახის ბრალდებები აქვთ მათ ამ ქვეყნის მიერ წაყენებული და როგორია მათი ბიოგრაფიები?

დღევანდელმა სპეცოპერაციამ აჩვენა, რომ სამართალდამცავ ორგანოებს არ აქვთ ანალიტიკური და პრევენციული მუშაობის სათანადო გამოცდილება. ერთი შეხედვით, მათ სათანადოდ არ ჰქონდათ დამუშავებული ინფორმაცია საქმისა და მოსალოდნელი კონკრეტული საფრთხეების შესახებ და სპეცოპერაცია არათანმიმდევრული და სპონტანური ჩანდა. ამ დრომდე მთავრობა ვერ ახერხებს ამ საქმის და მომდინარე საფრთხეების შესახებ ინფორმაციის გაზიარებას და პოლიტიკური ნარატივის შექმნას, რაც წესით ოპერაციამდე უკვე უნდა ჰქონოდა კარგად დამუშავებული (მითუფრო, რომ სუსის ინფორმაციით ისინი რამდენიმე ხნით ადრე აწარმოებდნენ ჯგუფთან მოლაპარაკებებს)“, - ამბობს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელი.

ოფიციალური ინფორმაციით, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული კონტრტერორისტული ოპერაციის შედეგად, რომელიც 20 საათზე მეტი გაგრძელდა, დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი, ხოლო სამი ლიკვიდირებულია. სპეცოპერაციის დროს დაიღუპა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთი თანამშრომელი და დაიჭრა ორი. დაჭრილია შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ორი თანამშრომელიც. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსპიკერმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა, რომ დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები არ იყვნენ საქართველოს მოქალაქეები.

კავკასიის ხალხთა ინტეგრაციის ფონდის ხელმძღვანელის უმარ იდიგოვის განცხადებით, ოჯახი, რომლის წინააღმდეგაც თბილისში სპეცოპერაცია ჩატარდა, საქართველოში ჩეჩნეთიდან იყო ჩამოსული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]