weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თბილისში გადაადგილება უსაფრთხოა და შიშის საფუძველი არ არსებობს - პრემიერი

01:02 ხუთშაბათი, 23 ნოემბერი 2017

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, თბილისში გადაადგილება უსაფრთხოა, სპეცრაზმელებმა შეძლეს საფრთხის განეიტრალება, რომელიც შეიძლებოდა ძალიან ცუდი შედეგით დასრულებულიყო.

"სპეცოპერაცია დასრულდა. სამწუხაროდ გვაქვს მსხვერპლი, სპეცრაზმის ერთი თანამშრომელი დაიღუპა. ეს ადამიანი ნამდვილად გმირია. მინდა მადლობა გადავუხადო სპეცრაზმის თანამშრომლებს როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, ასევე შსს-დან განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს. მათი გმირობის შედეგად მივიღეთ ის, რომ საფრთხე განეიტრალდა. პოლიტიკოსები თუ სხვადასხვა ექსპერტი, რომლებიც გამოთქვამენ სხვადასხვა მოსაზრებებს, მინდა ყველას მოვუწოდო, რომ ასეთ სიტუაციებში არ არის გამართლებული ასეთი ტიპის სპეკულაციები და ვფიქრობ, უნდა იყოს რაღაც მომენტი, როცა ჩვენ ყველანი ერთად დავდგებით. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ისინი ამას გაითვალისწინებენ. შეკითხვები შეიძლება დაისვას და ბუნებრივია არსებობს ინსტიტუციური ფორმატები, რომლებშიც ასეთი ტიპის შეკითხვებს პასუხი გაეცემა, მაგრამ არ შეიძლება ასეთი დონის საჯაროობა, ასეთი ტიპის ოპერაციების დეტალებზე საუბარი.

ასევე მინდა ვთქვა, რომ ქალაქში გადაადგილება არის უსაფრთხო და არანაირი საფუძველი იმისა, რომ რაიმე შიში არსებობდეს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, არ არსებობს. ჩვენმა გმირმა ბიჭებმა შეძლეს ის, რომ გაანეიტრალეს ის საფრთხე, რომელიც შეიძლებოდა ძალიან ცუდი შედეგით დასრულებულიყო.

ასევე მინდა გავცე პასუხი იმ სპეკულაციებს, რომ სპეცოპერაცია გაგრძელდა დიდი ხანი და ა.შ. შესაძლებელია სხვაგვარად მოქმედება, მაგრამ მთავარი პრიორიტეტი იყო მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა და ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ ამ მიმართულებით მსხვერპლი არ ყოფილიყო. ეს ჩვენი სპეცრაზმის თანამშრომლებმა შეძლეს. ჩვენ გვინახავს სხვა ტიპის სპეცოპერაციები სხვა ქვეყნებში, სადაც შენობებს ანგრევენ და ასეთ შედეგზე არიან ორიენტირებული. ჩვენ სხვა სტილი და ხელწერა გვაქვს.

საიდან აღმოჩნდნენ ისინი ქალაქის ცენტრში - ასეთი შეკითხვებიც გაისმა. ისინი დღეს არ იყვნენ აღმოჩენილები და წინასწარი ინფორმაციები არსებობდა. სწორედ ის, რომ აქ აღმოაჩინეს, არის წინასწარი მუშაობის შედეგი. კიდევ ერთხელ ვამბობ, ის, რომ ახლა ვისაც არ ეზარება, ყველა გახდა ამ საქმის ექსპერტი და კარგად მცოდნე, მე მგონია, რომ ასეთ სიტუაციებში ცოტა მეტად ღირსეულად უნდა მოვიქცეთ და დავასრულოთ ეს სპეკულაციები.

არა აქვს მნიშვნელობა რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან. ჩვენ არავითარ შემთხვევაში მათ ეროვნებას და მოქალაქეობრივ კუთვნილებას ხაზი არ უნდა გავუსვათ. ფაქტია, რომ მათ მშვიდობიან მოწოდებაზე, ჩაბარებოდნენ პოლიციას, უპასუხეს სროლით და ასეთ შემთხვევაში, ყველანაირი ეჭვი, რომ ყველაფერი შესაძლოა გაცილებით უარესად ყოფილიყო,  არის აბსოლუტურად დასაბუთებული და სპეცრაზმმა, სუს-მა იმოქმედეს აბსოლუტურად ლეგიტიმურად და სწორად", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

ოფიციალური ინფორმაციით, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული კონტრტერორისტული ოპერაციის შედეგად, რომელიც 20 საათზე მეტი გაგრძელდა, დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი, ხოლო სამი ლიკვიდირებულია. სპეცოპერაციის დროს დაიღუპა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთი თანამშრომელი და დაიჭრა ორი. დაჭრილია შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ორი თანამშრომელიც.

კავკასიის ხალხთა ინტეგრაციის ფონდის ხელმძღვანელის უმარ იდიგოვის განცხადებით, ოჯახი, რომლის წინააღმდეგაც თბილისში სპეცოპერაცია ჩატარდა, საქართველოში ჩეჩნეთიდან იყო ჩამოსული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]