მოზაიკა შეიცავს ოთხსტრიქონიან ბერძნულ მემორიალურ წარწერას, რომელიც ეპისკოპოს პროკოფის ეძღვნება. წარწერაზე დატანილია ეკლესიის მშენებლობის თარიღი, რომელიც, მკვლევარების თქმით, ძველი ქართული კალენდრის მიხედვითაა შესრულებული.
„ქართული კალენდრის მიხედვით, თარიღი შეესაბამება ქრისტეშობიდან 539 წელს და ეს ქართული კალენდრის ისრაელში გამოყენების ყველაზე ადრეული შემთხვევაა აღმოჩენილ ნიმუშებს შორის“, - ამბობს იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტის დოქტორი.
არქეოლოგ საარ განორი აღნიშნავს, რომ ქალაქი აშდოდი ქართული წარმომავლობის ებრაელების სახლად მიიჩნევა. „ბიზანტიის იმპერიის პერიოდში ისრაელის მიწაზე ქართველების ცხოვრება დადასტურებულია აშდოდიდან ათეულობით კილომეტრის დაშორებით, ისევე როგორც იერუსალიმსა და მის შემოგარენში, მაგრამ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სანაპიროზე ქართული ეკლესია ან მონასტერი აღმოაჩინეს“, - ამბობს საარ განორი.
ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით არქეოლოგი აღნიშნავს, რომ გარდაცვალებამდე ქალაქ აშდოდში პეტრე იბერი ცხოვრობდა და აღმოჩენილი მოზაიკა ქალაქზე მის გავლენას ადასტურებს.
აშდოდში არქეოლოგიური გათხრები 2013 წელს დაიწყო.