weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ტერორიზმში ბრალდებულს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

15:56 პარასკევი, 24 ნოემბერი 2017

თბილისის საქალაქო სასამართლომ, კონტრტერორისტული ოპერაციის ფარგლებში, ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულ ს.დ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ამ გადაწყვეტილებით მოსამართლე რომან ხორავამ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ბრალდებულის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს და სასამართლოს განჩინებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი სასამართლომ დახურულ სხდომაზე განიხილა. როგორც ბრალდებულის ადვოკატმა, იმედა ქარქაშაძემ განაცხადა, სხდომის დახურვის შუამდგომლობით მოსამართლეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა მიმართეს.

პროკურორის განმარტებით დღევანდელი სხდომა დაიხურა, რათა დაცული იყოს კონტრტერორისტულ ოპერაციაში მონაწილე შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების უსაფრთხოებას. „ამ პირთა ვინაობა რომ არ გაჟღერებულიყო და დაცული ყოფილიყო მათი უსაფრთხოება, სწორედ ამიტომ დაიხურა ეს პროცესი“, - აღნიშნა პროკურორმა.

პროკურატურის ინფორმაციით, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ს.დ. თბილისში, 21 ნოემბერს დააკავეს. დაკავებისას მას მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო ვაზნები აღმოაჩნდა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ს.დ. სამ თანამზრახველთან ერთად თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში დაბინავდა, სადაც ის და მისი თანამზრახველები მართლსაწინააღმდეგოდ, ტერორისტული მიზნით შეძენილ დიდი რაოდენობით ფეთქებად ნივთიერებებს, საბრძოლო მასალას, ასაფეთქებელ მოწყობილობებს და ცეცხლსასროლ იარაღს ინახავდნენ.

ს.დ.-ს დაკავების შემდგომ, საცხოვრებელ ბინაში მყოფმა სამმა ტერორისტმა უარი განაცხადა სამართალდამცველთა მოთხოვნაზე - ბინის კარის გახსნასა და იარაღის ჩაბარებაზე. მათ ააფეთქეს ხელყუმბარები და ცეცხლსასროლი იარაღებიდან სამართალდამცველების მიმართ გახსნეს ინტენსიური ცეცხლი, რა დროსაც ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური დანიშნულების რაზმის ხუთმა წევრმა, ხოლო ერთი მათგანი მიღებული დაზიანების შედეგად გარდაიცვალა“, - განაცხადეს პროკურატურაში

პროკურატურამ ს. დ.-ს ბრალი წაუყენა უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებასა და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარებისთვის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის ტერორისტული მიზნით, მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა ტარებისთვის.

ოფიციალური ინფორმაციით, 21 და 22 ნოემბერს, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული კონტრტერორისტული ოპერაციის შედეგად დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი დააკავეს, სამი კი მოკლეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები არ იყვნენ საქართველოს მოქალაქეები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]