weather cur horoscope tv
ნოემბერი 05, 2024

ბათუმში სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა

10:39 შაბათი, 25 ნოემბერი 2017

ბათუმში, სასტუმრო „ლეო გრანდში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად, გარდაცვლილია 11 ადამიანი, მათ შორის, 10 საქართველოს, ხოლო 1 ირანის რესპუბლიკის მოქალაქე. ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 21 ადამიანს. ექიმების განცხადებით, პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ, არცერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

3 პაციენტი უკვე გაწერილია სამედიცინო დაწესებულებიდან, დანარჩენი პირები კი ბათუმის სხვადასხვა კლინიკაში არიან გადანაწილებული. დაშავებულთა შორის არის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 1 მეხანძრე-მაშველი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-დან საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში 20:01 საათზე შევიდა შეტყობინება ბათუმში, სასტუმრო „ლეო გრანდში“ გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით. წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი სასტუმროს ერთ-ერთ სართულზე გაჩნდა და მთელ შენობაში კვამლი ვენტილაციის სისტემით გავრცელდა.

ხანძრის სალიკვიდაციო და სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობდა17 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, 120 მეხანძრე-მაშველი, ხანძარსაწინააღმდეგო და სამაშველო ტექნიკასთან ერთად, აჭარის, გურიის და სამეგრელოს რეგიონებიდან, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს 200-მდე თანამშრომელი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლები. მაშველებმა სასტუმროდან 100-ზე მეტი ადამიანი სახანძრო მანქანების კიბეებით ჩამოიყვანეს.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით თავდაპირველად გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

„ხანძრის მიზეზების დასადგენად უკვე დაიწყო გამოძიება. ეს იქნება ობიექტური და მკაცრი გამოძიება, რამეთუ, იმ ინფორმაციით, რაც ჩვენ გაგვაჩნია, ამ შენობას არ გააჩნდა სახანძრო უსაფრთხოების სისტემა, რაც იყო ძირითადი რისკის შემცველი და სავარაუდოდ, ძირითადი მიზეზი იმ დანაკლისის, რომელიც ჩვენ გვაქვს. მოგეხსენებათ, რომ მსგავსი შეუსაბამობები უსაფრთხოების იმ ნორმებთან, რომელსაც აწესებს კანონმდებლობა, უაღრესად მძიმე დარღვევაა და შესაბამისად, კანონდამრღვევი მკაცრად უნდა იყოს დასჯილი“, - განაცხადა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ.

მოგვიანებით დანაშაული სისხლის სამართლის კოდექსის 243-ე მუხლით დაკვალიფიცირდა რაც სახანძრო-უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს. აღნიშნული მუხლის მიხედვით, სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა ევალებოდა, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „ლეოგრანდი“ 2015 წლის ზაფხულში გაიხსნა. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ მაშინ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სასტუმროში, რომელშიც 40 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა და 700 ადამიანი დასაქმდა, არის 180 ნომერი და მსოფლიო კლასის მომსახურება. სასტუმრო კომპლექსში განთავსებულია საპრეზიდენტო აპარტამენტები, საკონფერენციო დარბაზები, რესტორანი, კლუბი და სპაცენტრი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]