weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ადვოკატი არ ადასტურებს, რომ ტერორიზმში ბრალდებული სუხო დუდაევია

12:37 შაბათი, 25 ნოემბერი 2017

ადვოკატი იმედა ქარქაშაძე არ ადასტურებს მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის ფარგლებში დაკავებული პირი, რომელიც ტერორისტულ დანაშაულშია ბრალდებული, სუხო დუდაევია.

„შეიძლება ინიციალები უბრალოდ დაემთხვა, მაგრამ ჩემი დაცვის ქვეშ მოფი სუხო დუდაევი არ არის“, - განაცხადა ადვოკატმა „პალიტრანიუსის“ ეთერში.

მისივე თქმით, საქმეში ბრალდების მხარეს არ აქვს არც ვიდეო და არც აუდიოჩანაწერი, რომელიც მიუთითებს მისი დაცვის ქვეშ მყოფის კავშირზე რომელიმე ტერორისტულ ორგანიზაციასთან ან ჯგუფთან.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დააკავეს მოშორებით იმ ადგილიდან, სადაც ჩატარდა სპეცოპერაცია. მისი დაკავება მოხდა რამდენიმე საათით, დაახლოებით 4-5 საათით ადრე, სპეცოპერაციის დაწყებამდე“, - აღნიშნა ადვოკატმა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა 24 ნოემბერს, საღამოს გაავრცელა ინფორმაცია, რომ სპეცოპერაციის ფარგლებში დაკავებული პირი სუხო დუდაევია და მისი სახელი ლაფანყურის სპეცოპერაციასთან არის დაკავშირებული. „კურიერის“ წამყვანის თქმით, 2012 წლის აგვისტოში, დუდაევის დაკავება ვერ მოხერხდა და ის საზღვარგარეთ გაიქცა.

თბილისში, სპეცოპერაციის ფარგლებში, 21 ნოემბერს დაკავებულ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით, თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა გუშინ, 24 ნოემბერს შეუფარდა. პროცესი დახურული იყო.

მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ს. დ. სამ თანამზრახველთან ერთად, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში დაბინავდა, სადაც ის და მისი თანამზრახველები მართლსაწინააღმდეგოდ, ტერორისტული მიზნით შეძენილ დიდი რაოდენობით ფეთქებად ნივთიერებებს, საბრძოლო მასალას, ასაფეთქებელ მოწყობილობებს და ცეცხლსასროლ იარაღს ინახავდნენ.

სამართალდამცველებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ს.დ. თბილისში, 2017 წლის 21 ნოემბერს დააკავეს. დაკავებისას მას მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო ვაზნები აღმოაჩნდა.

ს.დ-ს დაკავების შემდგომ, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მყოფმა სამმა ტერორისტმა უარი განაცხადა სამართალდამცველთა მოთხოვნაზე - ბინის კარის გახსნასა და იარაღის ჩაბარებაზე. მათ ააფეთქეს ხელყუმბარები და ცეცხლსასროლი იარაღებიდან სამართალდამცველების მიმართ გახსნეს ინტენსიური ცეცხლი, რა დროსაც ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური დანიშნულების რაზმის ხუთმა წევრმა, ხოლო ერთი მათგანი მიღებული დაზიანების შედეგად გარდაიცვალა.

ს.დ-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 323 1-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, ტერორისტული მიზნით) და 328-ე მუხლით (უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარება), რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმეზე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე მუხლის მესამე ნაწილით, 323 1-ე მუხლის პირველი ნაწილით და 328-ე მუხლით.

არაოფიციალური ინფორმაციით, „რუსთავი 2“-ის მიერ ხსენებული სუხო დუდაევი 2012 წლის აგვისტოში, ლოპოტას ხეობაში მყოფი შეიარაღებული ჯგუფის წევრია, რომელიც ცოცხალი გადარჩა ჯგუფის კიდევ რამდენიმე წევრთან ერთად.

ლოპოტას ხეობაში სპეცოპერაციის შედეგად შეიარაღებული ჯგუფის 7 წევრის ლიკვიდაცია მოხდა: დუკვახა დოშუევი, სალამ ზაურბეკოვი, ხაშიევ ჯაბრაილი, მუსა ადუევი, ბაჰაუდინ ბაღაკაშვილი, ასევე, საქართველოს მოქალაქეები - 22 წლის ასლან მარგოშვილი და 26 წლის ბაჰაუდინ ქავთარაშვილი. შეიარაღებული ჯგუფის ცოცხლად გადარჩენილი წევრებმა საქართველო ვალეს სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით, სპეცოპერაციიდან რამდენიმე დღეში ხელისუფლების დახმარებით დატოვეს და თურქეთში გადავიდნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]