weather cur horoscope tv
დეკემბერი 06, 2024

ბინა, სადაც შეიარაღებული ჯგუფი იყო, სუს-ის დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა

16:02 სამშაბათი, 28 ნოემბერი 2017
ბინა, სადაც შეიარაღებული ჯგუფი იყო, სუს-ის დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა ფოტო © ნეტგაზეთი

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, მე-6 შესახვევში, მე-9 კორპუსის მეორე სართულზე მდებარე ბინა, რომელშიც შეიარაღებული ჯგუფის წევრები იმყოფებოდნენ, რამდენიმე წლის განმავლობაში და სპეცოპერაციამდეც ბოლო სამი კვირა, უსაფრთხოების სამსახურების დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა.

ბინის ფაქტობრივი მეპატრონე თინა გაურგაშვილია. იგი 2000 წლიდან, მას შემდეგ, რაც ჩეჩნეთიდან საქართველოში ჩამოვიდა, შვილებთან ერთად ჯერ პანკისის ხეობაში ცხოვრობდა, შემდეგ კი თელავში. ის რამდენიმე მედიასაშუალებასთან თანამშრომლობდა და პანკისში მცხოვრები ჩეჩნეთიდან ლტოლვილების შესახებ ჟურნალისტურ მასალებს ამზადებდა. 2010 წელს, საცხოვრებლად ავსტრიაში გადასვლამდე, თინა გაურგაშვილმა თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე, მის საკუთრებაში არსებული ბინა ნათესავის, მერი ხანგოშვილის სახელზე გადააფორმა, რადგან ავსტრიაში მასთან ერთად მისი ვაჟი, ასლანბეგ ჯაბრაილოვი და რძალიც უნდა წასულიყვნენ, თუმცა ავსტრიაში წასვლა შვილმა და მისმა მეუღლემ ვეღარ შეძლეს. მერი ხანგოშვილის თქმით, ბინის გასაღები ასლანბეგ ჯაბრაილოვს ჰქონდა და ის პატრონობდა.

2017 წლის მაისამდე აღნიშნულ ბინაში, ქირით, პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანის მკვიდრი მერაბ ცათიაშვილი ცხოვრობდა. მერაბ ცათიაშვილი ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერის, თარხან ბათირაშვილის, იგივე აბუ ომარ ალ შიშანის მამიდაშვილია. სირიაში თარხან ბათირაშვილის გარდაცვალების თაობაზე ინფორმაცია პანკისში მცხოვრებმა მისი ოჯახის წევრებმა 2016 წლის ივლისში დაადასტურეს.

ამ მისამართზე მერაბ ცათიაშვილის ცხოვრების პერიოდში ბინა მინიმუმ 3-ჯერ გაჩხრიკეს უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, მათ შორის 2015 წლის 14 ივნისსაც, როცა კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოს ყოფილი იმამი, აიუფ ბორჩაშვილი ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს. მერაბ ცათიაშვილი აიუფ ბორჩაშვილთან მეგობრობდა. 14 ივნისს, რამდენიმე საათის განმავლობაში ცათიაშვილი დაკავებულიც იყო, რის შემდეგაც გაათავისუფლეს. ცათიაშვილის ახლობლების ინფორმაციით, 2016-2017 წლებშიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები პერიოდულად აკვირდებოდნენ ბინაში სტუმრად ვინ მივიდოდა.

რამდენიმე მეზობელმა „რეგინფოს“ დაუდასტურა, რომ ძალოვანი უწყებების დაბურულშუშებიანი მანქანები მათ კორპუსის ეზოში, სხვადასხვა დროს, ბოლო 3 კვირაშიც შენიშნეს.

ასლანბეგ ჯაბრაილოვისგან ცნობილი გახდა, რომ ბინა დაახლოებით ერთი თვის წინ გააქირავა ჩეჩნეთიდან ჩამოსულ ოჯახზე. ჯაბრაილოვი თავს არიდებს ჟურნალისტებთან ურთიერთობას. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯაბრაილოვი ახმეტიდან 22 ნოემბერს, დაახლოებით 12 საათისთვის წაიყვანა და მხოლოდ 23 ნოემბერს, 04 საათისთვის გაათავისუფლეს. მასთან ერთად სუს-ს დაკავებული ჰყავდა ჯაბრაილოვის ცოლისძმა, პანკისის ხეობის სოფელ ომალოს მკვიდრი რიზვან გორნაკაშვილი, რომელიც მალევე გაათავისუფლეს. არსებული ინფორმაციით, ჯაბრაილოვს ბინის გაქირავებაში სწორედ გორნაკაშვილი დაეხმარა. მედიასთან კონტაქტზე გორნაკაშვილიც უარს ამბობს. ის თბილისში ერთ-ერთ ობიექტზე მღებავად მუშაობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]