weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„სილქნეტის“ 20 000 ლარიანი ჯარიმა იმ აბონენტებს ეხებათ, ვინც ინტერნეტს დარღვევით ყიდის

11:15 ხუთშაბათი, 11 მაისი 2017

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი ავრცელებს განცხადებას კომპანია „სილქნეტის“ მიერ აბონენტების 20 ათასი ლარით შესაძლო დაჯარიმებასთან დაკავშირებით.

„ჯერ კიდევ 2016 წლის შემოდგომაზე სს „სილქნეტის“ ინიციატივით საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში წარმოდგენილ იქნა სრულიად ახალი სააბონენტო ხელშეკრულების პროექტი, რომლის სამართლებრივი ექსპერტიზის შედეგად კომპანიას წარედგინა ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენის შენიშვნები და რეკომენდაციები არაერთ სახელშეკრულებო პირობაზე, მათ შორის, 20 000 ლარიანი ჯარიმის ოდენობის შესახებ.

საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში სხვადასხვა წლებში შემოსული საჩივრების უდიდესი ნაწილი ეხება მომსახურების არასათანადო ხარისხს, აქედან გამომდინარე ასევე – საფასურის დარიცხვის სისწორეს და კომპანიებისთვის საკომპენსაციო მექანიზმის ამოქმედების ვალდებულების დაკისრებას. შესაბამისად, ჩვენი შეფასებით, სს „სილქნეტის“ სააბონენტო ხელშეკრულების იმ მუხლით, რომლითაც გათვალისწინებულია 20 000 ლარიანი ჯარიმა, კომპანია თავს იცავს ისეთი შემთხვევებისგან, როცა აბონენტი მისთვის, როგორც ფიზიკური პირისთვის, მიწოდებულ საცალო ინტერნეტ მომსახურებას იყენებს არაკეთილსინდისიერი მიზნებისთვის და ახდენს მიწოდებული მომსახურების არამხოლოდ გადაყიდვას მესამე პირებზე, არამედ სადავოს ხდის ამ მომსახურებისთვის სააბონენტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ხარისხს და ითხოვს კომპანიის სანქცირებას.

აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის პრაქტიკაში უკვე იყო შემთხვევა, როცა „სილქნეტის“ აბონენტი სადავოდ ხდიდა სახელშეკრულებო პირობების შესაბამისად მისთვის მიწოდებული ინტერნეტ მომსახურების ხარისხს და ამასთანავე ითხოვდა კომპანიის სანქცირებას; საკითხის შესწავლის პროცესში კი გამოვლინდა, რომ აღნიშნული აბონენტი კომერციული მიზნებით ახდენდა ფიზიკური პირისთვის მისაწოდებელი მომსახურების გადაყიდვას მესამე პირებზე, რაც მოქმედი კანონმდებლობით, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობად ითვლება.

ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობისთვის კანონმდებლობა ითვალისწინებს 5 000 ლარიან ჯარიმას. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ კომპანიასა და აბონენტს შორის გაფორმებული სახელშეკრულებო პირობები, ერთის მხრივ, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით, უნდა ითვალისწინებდეს გონივრული ოდენობის ჯარიმას, რომელიც შესაბამისობაში უნდა იყოს მიყენებული ზიანის ოდენობასთან, ხოლო, მეორეს მხრივ, კომპანიას უნდა გააჩნდეს თავდაცვის ისეთი მექანიზმი, რომლითაც თავიდან აირიდებს არაკეთილსინდისიერი მომხმარებლის მხრიდან არამხოლოდ საცალო ინტერნეტ მომსახურების მესამე პირებზე გადაყიდვის ფაქტებს, არამედ, მომსახურების ხარისხზე დავის შემთხვევაში სანქცირების რისკს.

ჩვენი მოლოდინია, რომ საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის რეკომენდაციების გათვალისწინებითა და ურთიერთანამშრომლობის შედეგად, უახლოეს მომავალში სს „სილქნეტი“ არსებულ/პოტენციურ აბონენტებს შესთავაზებს ბევრად უფრო დახვეწილ სახელშეკრულებო პირობებს, რითაც უზრუნველყოფილი იქნება ბალანსი კომპანიის, როგორც ბიზნეს სუბიექტის ინტერესებსა და მომხმარებელთა უფლებების დაცვას შორის“, – ნათქვამია ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენის განცხადებაში.

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „სილქნეტი“ 20 ათასი ლარით დააჯარიმებს მომხმარებლებს, თუ მათ ინტერნეტს სხვაც მოიხმარს. „ანუ Wi-Fi–ზე თუ არ გაქვთ პაროლი და მეზობელმა გამოიყენა თქვენი ინტერნეტი, სილქნეტს შეუძლია 20 000 ლარით დაგაჯარიმოთ“, – წერდა ერთ–ერთი მომხმარებელი.

ამასთან დაკავშირებით „სილქნეტმა“ განმარტა, რომ მომხმარებლებთან დადებულ ხელშეკრულებებში მითითებული მუხლი, რომელიც კომპანიას აბონენტის 20 000 ლარით დაჯარიმების უფლებას აძლევს, მხოლოდ ისეთ შემთხვევას ეხება, როცა პირი „სილქნეტისგან“ მიღებულ ინტერნეტს წესების დარღვევით სხვა პირებს კომერციული მიზნით მიყიდის ან გადასცემს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]