ინტერვიუ 2017 წლის 18 ოქტომბერს არის გამოქვეყნებული, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებულ სპეცოპერაციამდე ერთი თვით ადრე. ოფიციალური ინფორმაციით, სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულია შეიარაღებული ჯგუფის 3 წევრი, მათ შორის ერთმა თავი აიფეთქა. გავრცელებული მოსაზრებით, ის „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი, წარმოშობით ჩეჩენი ახმედ ჩატაევია. ერთ-ერთი ვერსიით, ჩატაევი რამდენიმე თანამებრძოლთან ერთად, საქართველოში დაახლოებით ერთი თვის წინ შემოვიდა იმ მიზნით, რომ აქ გამოეზამთრებინა და შემდეგ „კავკასიის ემირატს“ შეერთებოდა. 2010–2012 წლებში ის „კავკასიის ემირატის“ ხელმძღვანელის დოკუ უმაროვის პირადი წარმომადგენელი იყო ევროპაში.
„სირიასა და ერაყში არსებული რეალური ვითარების ვერ გაგებამ, ამ ისლამური რეგიონების ისტორიის არცოდნამ, იქ მიმდინარე მოვლენების შესახებ სრული ინფორმაციის არარსებობამ (ნაწილობრივ კი მისი გაგების სურვილის არარსებობამ), მრავალი გაფრთხილების ამპარტავნულად იგნორირებამ, ავტორიტეტული ალიმების (ისლამის მცოდნეთა) განმარტებებმა და მოწოდებებმა მიგვიყვანა იქამდე, რომ ჯამაათების უმრავლესობამ, ზოგიერთის გამოკლებით, „ისლამური სახელმწიფოსადმი“ მორჩილება გამოაცხადეს.წარუმატებლობებმა და ნაკლოვანებებმაც თავისი როლი ითამაშეს“, - ასე პასუხობს ახმედ უმაროვი ჟურნალისტის კითხვას ბოლო პერიოდში „კავკასიის ემირატის“ დასუსტებასთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, ხალიფატის შექმნის იდეამ, „რომელსაც მუსლიმები ათწლეულების განმავლობაში ელოდნენ, ახალგაზრდები და კავკასიის მოჯაჰედები გაიტაცა“.
„საკუთარ სახლში ცეცხლის დატოვებით, მათ გადაწყვიტეს სირიასა და ერაყში ცეცხლის ჩასაქრობად წასვლა. ახალგაზრდების და მოჯაჰედების„კავკასიის ემირატიდან“ გასვლა სირიისა და ერაყის ტერიტორიაზე ჯიჰადში მონაწილეობის მისაღებად ხელშეწყობილი იყო რუსეთის სპეცსამსახურების მიერაც. ეს ფაქტია. ეს კეთდებოდა კავკასიაში ჯიჰადის დასასუსტებლად რუსეთის იმ აგრესიის წინააღმდეგ, რომელიც საუკუნეების განმავლობაში კავკასიელებს ანადგურებს“, - აღნიშნავს უმაროვი.