„პირველი მოადგილე სიმონ ქოჩორაშვილია. ის აქტიურად მუშაობდა საკრებულოში. გურჯაანის მოსახლეობისთვის ბევრი სასიკეთო რამ შეძლო იმ კუთხით, რასაც საკრებულოში დეპუტატის მუშაობა ჰქვია. მეორე მოადგილე ნიკა გეთიაშვილია, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს მცირე ბიზნესსა და მენეჯმენტში. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, ნიკას აქვს გამოცდილება სოფლის მეურნეობაში და ეს განსაკუთრებით პრიორიტეტულია გურჯაანისთვის და იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებმაც მე დამიჭირეს მხარი. დარწმუნებული ვარ, მე და ნიკა ძალიან ადვილად გავართმევთ თავს სოფლის მეურნეობაში არსებულ გამოწვევებს“, - განაცხადა ხანდამაშვილმა.
სიმონ ქოჩორაშვილი 2014 წლის მოწვევის საკრებულოს წევრი იყო, სოფელ კარდენახის მაჟორიტარი. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატებიდან“ გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარადგინეს, თუმცა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, კენჭისყრაზე უარი თქვა. იგი კახეთის გუბერნატორთან ირაკლი ქადაგიშვილთან მეგობრობს. ირაკლი ქადაგიშვილი 2012-2014 წლებში „თავისუფალი-დემოკრატების“ თავჯდომარე იყო.
რაც შეეხება ნიკოლოზ გეთიაშვილს, ის გურჯაანში საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიებს ფლობს. 2014 წელს ნიკოლოზ გეთიაშვილი „ქართული ოცნებიდან“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატად განიხილებოდა, თუმცა მაშინ პარტიამ გამგებლობის კანდიდატად გივი გერგიძე წარადგინა.