„საფრანგეთში რომ ტერორისტული აქტი მოხდა, ხალხი ქუჩაში გამოვიდა და არ გვეშინიაო თქვა. იქ მსხვერპლი უფრო დიდი იყო. ჩვენთან სამწუხაროდ მებრძოლი დაგვეღუპა, მაგრამ სამოქალაქო მსხვერპლი არ ყოფილა და ხალხი შეშინებულია.
ხელისუფლების არასწორი საინფორმაციო პოლიტიკის გამო, ტერორიზმმა მიაღწია იმ მიზანს, რაც მისი პირველადი ეფექტია ხოლმე - შიშის დანერგვა და ხალხის მხრიდან სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ეჭვის და ნდობის შერყევა. ეს მიზანი დღეს უკვე მიღწეულია საქართველოში. ტერორიზმის მიზანი სისტემის შერყევაა.
ხელისუფლება თავისი თავის მტერი ხომ არ არის ამ შემთხვევაში, გამოიკვეთა ერთი პრობლემა, რომ ხელისუფლებამ დღეს არ იცის როგორ იურთიერთოს მედიასთან და ეს ყველაზე დიდი ზიანია 21-ე საუკუნეში. რამდენი ვერსია მოვისმინეთ. ეს ყველაფერი ხომ იმის დასტურია, რომ ხელისუფლება ისეთ ვაკუუმს ქმნის, რომ მოქალაქეს მის მიმართ რწმენა ეკარგება“, - აღნიშნავს ხარშილაძე.
მისივე თქმით, დღეს საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას სტრატეგიულ დონეზე არ ჰყავს პასუხისმგებელი პირი. „მე არ ვამბობ ტაქტიკურ დონეზე. სტრატეგიულ დონეზე არ არის პასუხისმგებელი პირი, მოშლილია ინსტიტუტები და ეს თუ არ გამოსწორდა, ეს მხოლოდ დასაწყისია იმიტომ, რომ ISIS -ი დაკარგავს რაღაც პოზიციებს კიდევ. შეიძლება იმ დონეზეც დავიდნენ, რომ საქართველოშიც მოუწიოთ ტერორისტული ოპერაციები. ერიდებოდნენ ამ რეგიონში მაინც, თურქეთის გარდა. მაშინ რას ვშვრებით? ასეთი საინფორმაციო პოლიტიკით უნდა ვიმოქმედოთ? არასწორი საინფორმაციო პოლიტიკის, არასწორი კოორდინაციის გამო გამოდის, რომ ტერორიზმმა იმ თავის პირველად და ყველაზე მნიშვნელოვან მიზანს ამ სპეცოპერაციის დროს ნაწილობრივ, მაგრამ მაინც მიაღწია“, - განაცხადა ხარშილაძემ.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 21-22 ნოემბერს, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული კონტრტერორისტული ოპერაციის შედეგად დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი, ხოლო სამი ლიკვიდირებულია. სპეცოპერაციის დროს დაიღუპა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთი თანამშრომელი და დაიჭრა 4 სამართალდამცავი. სუს-ის ცნობით, დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები არ იყვნენ საქართველოს მოქალაქეები.
პროკურატურამ სპეცოპერაციის ფარგლებში დაკავებულ ს. დ-ს ბრალი წაუყენა უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებასა და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარებისთვის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის ტერორისტული მიზნით, მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა ტარებისთვის. ადვოკატ იმედა ქარქაშაძის განცხადებით, დაკავებული რუსეთის მოქალაქეა და ის სპეცოპერაციის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. სასამართლომ მას პატიმრობა შეუფარდა. დაკავებული ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. მედიით გავრცელებული ინფორმაციით, ის ან სურხო დუდაევია ან საედ დუდაევი.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლიკვიდირებულთა შორის არის „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი ახმედ ჩატაევი. 26 ნოემბერს, სუს-ის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ არსებობს ეჭვი, სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულთა შორის ახმედ ჩატაევი იყოს. მისივე თქმით, გარდაცვლილი პირების ვინაობა ექსპერტიზების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. სპეცოპერაციის გამოძიების პროცესში FBI-ის ექსპერტები არიან ჩართულები. მედიით გავრცელებული ფოტოდან, რომელზეც აფეთქების შედეგად შეიარაღებული ჯგუფის ერთ-ერთი წევრის დანაწევრებული სხეულია ასახული, ახლობლებმა ახმედ ჩატაევი ამოიცნეს.