მესტიის გამგებლის კაპიტონ ჟორჯოლიანის ინფორმაციით, სოფელი ხაიშიდან 7-კილომეტრიანი საავტომობილო გზა რამდენიმე ადგილზეა წაღებული. წაქცეულია ელექტროენერგიის ბოძები.
„მდინარე ხაიშურა გამთენიისას ადიდდა და ხაიშის თემის სოფლებთან დამაკავშირებელი გზა წაიღო. მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. წყალი საკარმიდამო ნაკვეთებში შევიდა. სხვადასხვა სოფლებში მეწყერია ჩამოსული. საბედნიეროდ სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია“, - უთხრა „რეგინფოს“ მესტიის გამგებელმა. მისივე თქმით, მდინარეში წყლის დონე რომ დაიწევს აღდგენითი სამუშაოები ამის შემდეგ დაიწყება.
ხაიშის თემი მესტიიდან 70 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ხუთივე სოფელში 150–მდე ადამიანი ცხოვრობს.