"ყველანაირად შევეცდები, რომ გავამართლო ეს ნდობა და ვიყო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ღირსეული მოსამართლე. ჩემი პროფესიული ღირსებისა და თავმოყვარეობის საკითხია, ვიყო კომპეტენტური, კვალიფიციური და რაც მთავარია დამოუკიდებელი", - განაცხადა ევა გოცირიძემ
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ ევა გოცირიძის კანდიდატურა საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალმა ფრაქციებმა წარადგინეს.
საპარლამენტო უმცირესობამ ევა გოცირიძის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა. "ევროპული საქართველოსა" და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების თმით, ევა გოცირიძის არჩევით საკონსტიტუციო სასამართლოს პოლიტიზირება და "ქართული ოცნების" მიერ მისი დამორჩილება ხდება.
2013-2017 წლებში ევა გოცირიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი იყო. 2016 წელს, საქართველოს მთავრობამ გოცირიძე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის პოზიციაზე კანდიდატთა სამწევრიან სიაში შეიყვანა, თუმცა, ევროსაბჭოს შესაბამისმა კომიტეტმა წარდგენილი სია დაიწუნა. 2005 –2006 წლებში ევა გოცირიძე იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მრჩეველი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სამართალში.
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელებას ევა გოცირიძე 2018 წლის იანვრიდან შეუდგება. ის მოსამართლე ლალი ფაფიაშვილს შეცვლის.