weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

მექა ხანგოშვილი ხელისუფლებას მიმართავს ახმედ ჩატაევის ცხედარი პანკისელებს გადასცენ

18:28 შაბათი, 02 დეკემბერი 2017

ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელი მექა ხანგოშვილი ხელისუფლებას მიმართავს, 22 ნოემბრის სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებული პირების ცხედრები, რომელთა შორის ახმედ ჩატაევიც არის, პანკისის ხეობაში მცხოვრებ ქისტებს გადასცენ. „ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მთელი პანკისის ხეობის და ჩეჩენი ერის სახელით მივმართავ ხელისუფლებას, რომ მოხდეს ამ ცხედრების გადმოცემა ჩვენთვის“, - განაცხადა მექა ხანგოშვილმა ტელეკომპანია „იბერიის“ ეთერში.

„ტრავმირებულები ვართ ჩვენ, განსაკუთრებით საქართველოს მოქალაქე ქისტები, ეთნიკური ჩეჩნები და საერთოდ, დარწმუნებული ვარ, რომ დღეს მშვიდად სრულიად კავკასია არ არის. ჩვენთვის მაინც განსაკუთრებულად მძიმე დღეები დგას. მიუხედავად ამ მძიმე მოვლენებისა, პანკისელ ქისტებს სიამაყის ოდნავ რაღაც დაგვრჩა, რადგანაც ჩვენი მოქალაქე პანკისელი ქისტი ამ ძალიან საუბედურო შემთხვევაში არ მონაწილეობდა. დარწმუნებულებიც ვიყავით ამაში და მადლობა ღმერთს, რომ ქისტების გვარი ამ უბედურებაში არ არის“, - განაცხადა მექა ხანგოშვილმა.

მისივე განცხადებით, ის გაკვირვებულია, რომ ახმედ ჩატაევმა საქართველოში შემოსვლა გადაწყვიტა. მექა ხანგოშვილის აზრით, ჩატაევი საქართველოში არალეგალური გზით, დამოუკიდებლად შემოვიდა.

„გაოგნებული დავრჩი, როდესაც მისი სახელი და გვარი დაფიქსირდა, ეს იმდენად წარმოუდგენელი იყო. გახსნილ ცაზე მეხის გავარდნასავით იყო როგორც ჩემთვის, ისე, ალბათ, თითქმის ყველა პანკისელი ქისტისთვის. დარწმუნებით ვიცით დღეს, გვაქვს წაყაროებიდან ინფორმაცია, რომ მხოლოდ ტრანზიტის მიზნით იყო და რაღაც პერიოდით თავი შეაფარა საქართველოს. სანდო წყაროებმაც დაადასტურეს, რომ შესაძლოა გამოზამთრებას არც დალოდებოდა. მას როგორც ვიცით, ყველა სხვა გზა გადაჭრილი ჰქონდა და ამიტომ ისარგებლა ამ დერეფნით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის „კავკასიის ემირატთან“ შეერთებას აპირებდა. საქართველოში მის გადმოსვლას წინ უძღოდა, ახმედ უმაროვის განცხადება. ახლობლებიც საუბრობენ, რომ ამიტომ მიიღო გადაწყვეტილება, დერეფნად გამოეყენებინა საქართველო და შემდეგ ჩრდილოეთ კავკასიაში გადასულიყო“, - აღნიშნა მექა ხანგოშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 1-ელ დეკემბერს ოფიციალურად დაადასტურა, რომ 22 ნოემბერს, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ახმედ ჩატაევია ლიკვიდირებული. სუს-ის პრესსპიკერის ნინო გიორგობიანის თქმით, მიმდინარეობს დანარჩენი ორი პირის იდენტიფიკაციის პროცესი.

„გამოძიების ფარგლებში დგინდება, თუ როგორ მოხვდნენ აღნიშნული ჯგუფის წევრები საქართველოში და ასევე დგინდება მათი შესაძლო კავშირი სხვა დანაშაულებრივ პირებთან“, - აღნიშნა ნინო გიორგობიანმა.

მან უარყო გავრცელებული ინფორმაცია, სპეცოპერაციის შედეგად პანკისის ხეობის მკვიდრის, ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში მებრძოლი გურამ (ადამ) გუმაშვილის ლიკვიდაციის შესახებ.

სპეცოპერაციასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე მუხლის მესამე ნაწილით, 3231-ე მუხლის პირველი ნაწილით და 328-ე მუხლით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]