„ორი თვეა გაუსაძლისი ტკივილები მაქვს. დღე და ღამე მტანჯავდა და ვითმენდი. ახლა როცა ვეღარ მოვითმინე, კასპის საავადმყოფოში მომიყვანეს, მაგრამ აქ ამბობენ, თბილისში ხარ გადასაყვანიო. იქ კი არ მიღებენ, პასპორტი არ გაქვს და ვერ მიგიღებთო. თან ყოველდღე 600 ლარი უნდა გადაიხადოო. მე კი ფული საერთოდ არ მაქვს. აქაურ ქალს ვყავდი შეფარებული. ახლაც ტკივილი მტანჯავს და ვერ მშველიან“, - უთხრა ლეილა ისმაილოვამ გარდაცვალებამდე ჟურნალისტებს.
კასპის სამედიცინო ცენტრის დირექტორმა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში აღნიშნა, რომ პაციენტი სპეციალიზირებულ კლინიკაში გადაყვანას საჭიროებდა, კვლევების მიხედვით კი მას მეოთხე სტადიის სიმსივნე ჰქონდა.
ლეილა ისმაილოვას მდგომარეობის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა ჯანდაცვის სამინისტროს 1-ელ დეკემბერს შეატყობინა. სოციალური მომსახურების სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ტატა გამყრელიძემ განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეობის ან სხვა სტატუსის არმქონე პირებისთვის მკურნალობის დაფინანსება რთულ პროცედურებთან არის დაკავშირებული. მისივე თქმით, კასპის კლინიკიდან ლეილა ისმაილოვას თბილისში გადაყვანა და პალიატიურ სერვისში განთავსება ორშაბათს, 4 დეკემბერს იგეგმებოდა, თუმცა ქალი გარდაიცვალა.
ლეილა ისმაილოვა 20 წელზე მეტია საქართველოში ცხოვრობდა. ბოლო 6 წლის განმავლობაში ის კასპის რაიონის სოფელ ფერმის მკვიდრს, ელისო ნორზალოვას ჰყავდა შეფარებული.