weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ტერორიზმში ბრალდებულებმა ბინაში იარაღი ტყეში არსებული სამალავიდან მიიტანეს – გომელაური

11:20 სამშაბათი, 05 დეკემბერი 2017

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ტერორიზმში ბრალდებულმა პირებმა, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ბინაში იარაღი ტყეში არსებული სამალავიდან მიიტანეს. ამის შესახებ გომელაურმა გუშინ, სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ნდობის ჯგუფთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

გომელაურის თქმით, მან ნდობის ჯგუფს გააცნო ის ინფორმაცია, რაც კონტრტერორისტულ ოპერაციასთან დაკავშირებით აქვს. მათ შორის უპასუხა კითხვებს როგორ გადმოვიდნენ საქართველოში ტერორიზმში ბრალდებული პირები, საიდან მოიპოვეს იარაღი და რას გეგმავდნენ მომავალში.

„გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, კანონი უფლებას არ მაძლევს ყველაფერი ღიად ვისაუბრო, თუმცა, ნდობის ჯგუფს, რაც გვქონდა დადასტურებული ინფორმაცია, გავაცანი. დადასტურებული გვაქვს ინფორმაცია იარაღთან დაკავშირებით, თუ საიდან მოიძიეს და მიიტანეს ამ სახლში. ტყეშია ნაპოვნი, ერთ-ერთი სამალავიდან იყო ამოღებული. ახლა ველოდებით ექსპერტიზებს, რათა დადგინდეს ზუსტად ის მიწა და შემადგენლობა რაც იქ აღმოვაჩინეთ, თუ დაემთხვევა ამ იარაღებზე. ეს იარაღები უკვე დაჟანგებულია და აქედან გამომდინარე ადვილად დადგინდება“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მისივე თქმით, ტყეში არსებული სამალავების აღმოჩენაში დიდი წვლილი შეიტანა აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) და მათთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა იმის დასადგენად, თუ როგორ გადმოკვეთეს საქართველოს საზღვარი ახმედ ჩატაევმა და მისმა თანმხლებმა პირებმა.

„ჩვენ გვაქვს ვერსიები თუ საიდან შემოვიდნენ, თუმცა მტკიცებულებები არ გვაქვს და ვმუშაობთ ამ მიმართულებით. ჩვენი ვერსიით ე.წ. მწვანე საზღვრიდან არიან გადმოსულები.

გამოძიებით გამოიკვეთება, საქართველოზე მუშაობდნენ, სხვა მიმართულებით, ტერაქტის მოსაწყობად იყვნენ ჩამოსულები თუ სხვა, ამას ვერ ვიტყვი. რაღაც საფრთხეები ჩვენმა ქვეყანამ აიცილა. ეს არის კონტრტერორისტული დეპარტამენტის და შსს-ს მუშაობის შედეგი. მე ვფიქრობ, სწორად ჩატარდა ეს სპეცოპერაცია და სწორი თანმიმდევრობით დამთავრდა“, - აღნიშნა გომელაურმა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 21-22 ნოემბერს, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული კონტრტერორისტული ოპერაციის შედეგად დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი, ხოლო სამი ლიკვიდირებულია. სპეცოპერაციის დროს დაიღუპა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთი თანამშრომელი და დაიჭრა 4 სამართალდამცავი.

1-ელ დეკემბერს სუს-მა ოფიციალურად დაადასტურა, რომ სპეცოპერაციის შედეგად ახმედ ჩატაევია ლიკვიდირებული. დანარჩენი ორი პირის იდენტიფიკაციის პროცესი ჯერ არ დასრულებულა. თუმცა სუს-მა უარყო გავრცელებული ინფორმაცია, სპეცოპერაციის შედეგად პანკისის ხეობის მკვიდრის, ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში მებრძოლი გურამ (ადამ) გუმაშვილის ლიკვიდაციის შესახებ.

სპეცოპერაციასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე მუხლის მესამე ნაწილით, 3231-ე მუხლის პირველი ნაწილით და 328-ე მუხლით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]