„რადიო თავისუფლების“ ცნობით, სამართალდამცავებმა ხალხის წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. არიან დაშავებულები.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კიევში დღეს დილით დააკავეს. მანამდე უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეცრაზმმა მის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩაატარა. სააკაშვილი სახურავზე ავიდა და ასობით მხარდამჭერს მიმართა. მისი დაკავება სწორედ სახლის სახურავზე მოხდა.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლით, რაც გულისხმობს დანაშაულებრივი ჯგუფისთვის დახმარების გაწევას და მისი დანაშაულებრივი საქმიანობის დაფარვას. დანაშაული სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობით ისჯება.