„სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, სალომე თათოშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტია, ხოლო დავითი სანდ-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოქიმიის ფაკულტეტზე სწავლობს.
კოსმოსური ჰაკათონის მთავარი თემა მარსის კოლონიზაცია იყო. მექანიზმი, რომელიც ახალციხელი ახალგაზრდების გუნდმა შექმნა, მარსზე დასახლებისთვის აუცილებელი პირობაა.
„ჩვენს სისტემას ქვია ციანოცირკულაცია. ციანობაქტერიებს ვიყენებთ იმისათვის, რომ მარსზე ჟანგბადი წარმოვქმნათ. ამ ბაქტერიებს სჭირდებათ ოპტიმალური პირობები, რაც ჩვენი სისტემის საშუალებით შევუქმენით. ამ მექანიზმით საცხოვრებელ გარემოში ჟანგბადი შეაღწევს. მარსზე ყველა მცხოვრებლის ხელზე იქნება საათის მსგავსი მოწყობილობა, რომელიც ზომავს ჟანგბადს ადამიანის ორგანიზმში, ასევე ტემპერატურასა და ტენიანობას ჰაერში“, – განმარტავს სალომე თათოშვილი.
კოსმოსური ჰაკათონი თბილისში 3 დეკემბერს დასრულდა. ჰაკათონში მონაწილეობა 18-დან 25 წლამდე ახალგაზრდებს შეეძლოთ. მთავარი მიზანი კი კოსმოსთან დაკავშირებული ახალი იდეებისა და მეცნიერებითა და ტექნოლოგიებით დაინტერესებული ახალგაზრდების წახალისება იყო.