იუსტიციის მინისტრის ბრძანების შესაბამისად, მოწმობის ყდის ქვედა ნაწილის ცენტრში დატანილი იქნება წარწერა „ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია“ მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ!“, ხოლო მოცემული ტექსტის ქვემოთ – „ქორწინება დარეგისტრირდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს“.
მოქმედი კანონმდებლობით, ქორწინების რეგისტრაცია შესაძლებელია განხორციელდეს, როგორც ქორწინების სახლებში, ისე იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურში.
ქორწინების რეგისტრაცია შესაძლებელია ჩატარდეს საზეიმო ვითარებაში. საზეიმო ვითარებაში ქორწინების სპეციალურ სარიტუალო მომსახურებას გთავაზობთ ქორწინების სახლები თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, სიღნაღში, ახალციხეში, გორში, ყვარელში, ზუგდიდსა და მცხეთაში.
დასაქორწინებელ პირთა სურვილის შემთხვევაში, ქორწინების რეგისტრაცია შესაძლებელია განხორციელდეს მარეგისტრირებელი ორგანოს ტერიტორიის გარეთ, ნებისმიერ ადგილას.
ქორწინების რეგისტრაცია იუსტიციის სახლში ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში, სპეციალური სარიტუალო მომსახურების გარეშე - უფასოა; ქორწინების რეგისტრაცია შენობის გარეთ - 170 ლარი ღირს; ქორწინების რეგისტრაციის საფასური ქორწინების სახლში სპეციალური სარიტუალო მომსახურებით შაბათ-კვირას -150 ლარია, სამუშაო დღეებში - 90 ლარი. ქორწინების რეგისტრაცია ტერიტორიულ სამსახურში სპეციალური სარიტუალო მომსახურებით - 50 ლარი ღირს; სტუდენტის სტატუსის მქონე პირებისთვის მოქმედებს 10%-იანი შეღავათი.